ევრობასკეტი 2022 | სამი ფოტო, რომელიც სერბეთთან წაგების სამ მიზეზს გვისახელებს
ევრობასკეტი 2022 | სამი ფოტო, რომელიც სერბეთთან წაგების სამ მიზეზს გვისახელებს

საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტის შესარჩევ ეტაპზე თბილისში სერბეთთან 66:92 დათმო. ამ შეხვედრის შემდეგ ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა მარცხზე დეტალურად ილაპარაკა. ჩვენ კი სამ ფოტოს შემოგთავაზებთ, რომელიც წაგების სამ მიზეზს გვიშიფრავს.

 

ფოტო 1. მთავარ სურათზე გიორგი შერმადინია, რომლის გარშემო სამი სერბი კალათბურთელია. მეოთხე, რომელიც ოდნავ მოშორებითაა, ყურადღებით უკვირდება შერმადინის მოქმედებას და მზადაა თანაგუნდელების დასახმარებლად.

სერბებმა კარგად იცოდნენ, რომ საქართველოს ნაკრების თამაში გიორგი შერმადინზე ეწყობა. 216 სმ სიმაღლის გოლიათის შეჩერება კი გამარჯვებას ნიშნავდა. სწორედ ამიტომ, გიორგი ბურთს მიიღებდა თუ არა, სამი სერბი გარს ეხვეოდა. ასეთ დროს სხვა კალათბურთელები პერიმეტრზე თავისუფლდებიან. შერმადინიც პასებს არ იშურებდა. თუმცა სამქულიანები ძალიან ცუდად ვტყორცნეთ – 23-დან 3 ჩავაგდეთ.

შერმადინმა გააკეთა ის, რასაც „ტენერიფეში“ აკეთებს – ჩააგდო 10-დან 10 საჯარიმო, მოაგროვა 20 ქულა და 8 მოხსნა, მარგი ქმედების კოეფიციენტი – 22. თუმცა საქართველოს ნაკრებში ეს გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

 

ფოტო 2. სერბეთთან მატჩის მესამე პერიოდის დასრულებამდე 08:13 წუთით ადრე საქართველოს ნაკრების ფარქვეშ ბრძოლისას მუხლის ტრავმა მიიღო ჩვენი გუნდის ახალმა ამერიკელმა კალათბურთელმა კონერ ფრენკამპმა.

მან მოედანი ექიმების დახმარებით დატოვა. როგორც შემდეგ გაირკვა 2-3 კვირა მოუწევს უქმობა. ფრენკამპის ტრავმა მესამე პერიოდში საქართველოს ნაკრების ჩავარდნას დაემთხვა. შეიძლება პირიქითაც ვთქვათ – საქართველოს ნაკრების ჩავარდნა დაემთხვა ფრენკამპის ტრავმას.

ასეა თუ ისე, მექულე უკანახაზელის დანაკლისმა საქართველოს ნაკრების თამაშზე პრაქტიკულადაც უარყოფითი გავლენა იქონია და ფსიქოლოგიურადაც.

 

ფოტო 3. ჩვენმა ნაკრებმა მხოლოდ 3 სამქულიანი რომ გამოიყენა, ზემოთ წაიკითხავდით. ასეთ დროს თამაშის მოგება ძალიან რთულია, თუმცა რჩება ერთი გამოსავალი – არც მეტოქეს ჩააგდებინო პერიმეტრიდან.

სერბებმა კი რობინ ჰუდის სიზუსტით სტყორცნეს – 22-დან 13 სამიანი გამოიყენეს (59.1%). ერთი შეხედვით, მათ ეს იოლად გამოსდიოდათ, თუმცა ამ ფოტოდანაც ჩანს, რომ თითოეული ტყორცნა მშვენივრად ჰქონდათ მომზადებული: ბურთს იქამდე ათამაშებდნენ, ვიდრე რომელიმე სერბი პერიმეტრზე თავისუფალ პოზიციაზე არ აღმოჩნდებოდა. ამ სურათზე იარამაზი სატყორცნ პოზიციაზეა გასული, რომელსაც  შერმადინმა ვერ მიუსწრო, რაც კარგად ჩაფიქრებული და განხორციელებული კომბინაციის შედეგია.

 

ბოლოს გთავაზობთ ფოტოს, რომელმაც შეიძლება თამაშის შედეგზე გავლენა არ მოახდინა, მაგრამ ხასიათი შეცვალა – გულშემატკივრის გარეშე კალათბურთი ხომ ძალიან ფერმკრთალდება.