„ევროაქტივის“ ცნობით, ლიეტუვის სეიმმა მიიღო კანონი, რომელიც საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დროს არალეგალი მიგრანტების საზღვრიდანვე გაბრუნებას ითვალისწინებს
„ევროაქტივის“ ცნობით, ლიეტუვის სეიმმა მიიღო კანონი, რომელიც საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დროს არალეგალი მიგრანტების საზღვრიდანვე გაბრუნებას ითვალისწინებს

ლიეტუვის სეიმმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის მოქმედების პერიოდში არალეგალ მიგრანტებს საზღვრიდანვე უკან გააბრუნებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „ევროაქტივი“ ავრცელებს.

ლიეტუვის საკანონმდებლო ორგანომ შესაბამის ცვლილებას მხარი უკვე დაუჭირა და ის ძალაში 3 მაისიდან უნდა შევიდეს, თუმცა მხოლოდ პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ.

კანონპროექტის მიხედვით, ლიეტუვის ხელისუფლებას ექნება უფლება, უკან დააბრუნოს ყველა პირი, ვინც უკანონოდ გადაკვეთს სახელმწიფო საზღვრებს. ამასთან, ყველა შემთხვევას ინდივიდუალურად განიხილავენ, რათა ყველა ადამიანი, ვინც საკუთარ ქვეყანაში სამხედრო აგრესიას ან დევნას განიცდის, უზრუნველყოფილი იყოს თავშესაფრით.

უფლებადამცველი ორგანიზაციები ლიეტუვის მთავრობის მიერ ინიცირებულ ცვლილებებს აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ ახალი წესები საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევას წარმოადგენს.

„ამნესთი ინთერნეშენელის“ მტკიცებით, ახალი კანონი, ფაქტობრივად, ლეგალურს გახდის ადამიანის წამებას.

საპასუხოდ, ლიეტუვის შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტეს, რომ კანონში შეტანილი ცვლილება მაქსიმალურად მკაფიოდ ადგენს ზღვარს ხელოვნურ და ბუნებრივ მიგრაციას შორის. მათივე მტკიცებით, ხელოვნური მიგრაციული კრიზისის მაგალითს წარმოადგენდა ბელარუსის ხელისუფლების მიერ ლიეტუვის საზღვრებთან ათობით მიგრანტის განზრახ ჩაყვანა.

ლიეტუვის მთავრობაში აცხადებენ, რომ კანონში ცვლილებები ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს პასუხობს და დაუცველ ჯგუფებს დამცავ მექანიზმს სთავაზობს.