ევრო 2025 | საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატამდე რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს #1TVSPORT
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ შეკრებას ავსტრიაში გაივლის, სადაც რუმინეთთან ამხანაგურ შეხვედრას გამართავს – ინფორმაციას სფფ-ის პრესსამსახური ავრცელებს.
უმცროსი „ჯვაროსნები“ 30 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით ავსტრიის ქალაქ ვენიგცელში შეიკრიბებიან, 4 ივნისს კი რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავენ – შეხვედრა ფორაუს „ურკრაფტ არენაზე“ თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება. რუმინეთთან მატჩის რეპორტაჟისა და სხვა დამატებითი დეტალების შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.
საქართველოსა და რუმინეთის 21-წლამდელ ნაკრებთა ბოლო მატჩი 2022 წლის 3 ივნისს, გორში გაიმართა. ის მატჩი რამაზ სვანაძის პირველი ფორმაციის ახალგაზრდულმა ნაკრებმა ცოტნე კაპანაძის დუბლით 2:0 მოიგო.
8 ივნისს საქართველოს ნაკრები სლოვაკეთში გაემგზავრება და ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას ტურნირის მასპინძელ ქვეყანაში განაგრძობს.
შეგახსენებთ, რომ სლოვაკეთში, 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები C ჯგუფში საფრანგეთთან, პორტუგალიასა და პოლონეთთან ერთად მოხვდა. მატჩები ჟილინასა და ტრენჩინში გაიმართება.
ევრო 2025 | მატჩების განრიგი
11 ივნისი, ჟილინა | პოლონეთი – საქართველო
14 ივნისი, ჟილინა | საფრანგეთი – საქართველო
17 ივნისი, ტრენჩინი | საქართველო – პორტუგალია