ევრო 2025 | ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალში ინგლისი და გერმანია ითამაშებენ #1TVSPORT
ევრო 2025 | ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალში ინგლისი და გერმანია ითამაშებენ #1TVSPORT

სლოვაკეთში მიმდინარე 21-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატზე ნახევარფინალური მატჩები გაიმართა და ფინალისტები გამოვლინდნენ – 28 ივნისს ტიტულისთვის ერთმანეთს ინგლისისა და გერმანიის ნაკრებები შეხვდებიან.

პირველ ნახევარფინალში მოქმედი ევროპის ჩემპიონი, ინგლისის ახალგაზრდული ნაკრები ნიდერლანდებს დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა.

ინგლისელებმა ანგარიში 63-ე წუთზე გახსნეს, გოლი ჰერვი ელიოტმა გაიტანა. ნიდერლანდებმა ანგარიში ცხრა წუთში გაათანაბრეს, მაგრამ იმავე ელიოტმა მატჩის დასრულებამდე ოთხი წუთით ადრე დუბლი შეასრუალა და ინგლისს ზედიზედ მეორედ ფინალის საგზური მოუტანა, თავად კი დამსახურებულად გახდა მატჩის საუკეთესო მოთამაშე.

მეორე ნახევარფინალში გერმანიის ნაკრები საფრანგეთს დაუპირისპირდა. გერმანელებმა ანგარიში მატჩის დასაწყისშივე გახსნეს – მე-8 წუთზე ბურთი ვაიპერმა გაიტანა. ექვს წუთში მომდინარე ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირმა, ნიკ ვოლტემადემ ანგარიში ორამდე გაზარდა, მიმდინარე ჩემპიონატში კი მეცხრე საგოლე მოქმედება მიითვალა (6 გოლი, 3 საგოლე გადაცემა).

მეორე ტაიმში საფრანგეთის ნაკრები თამაშის გადარჩენას ცდილობდა, მაგრამ მატჩის მიწურულს გერმანიამ მესამე გოლი გაიტანა, საბოლოოდ 3:0 მოიგო და ფინალის საგზური მოიპოვა.

ფინალი ბრატისლავაში 28 ივნისს, 23:00 საათზე დაიწყება.