ევრო 2024 | პორტუგალიამ თურქეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა და მერვედფინალის საგზური ჯგუფში პირველი ადგილით მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT

პორტუგალიისა და თურქეთის ნაკრებებმა ევროპის ჩემპიონატზე (F ჯგუფში) მეორე მატჩი გამართეს. შეხვედრა პორტუგალიელების სრული უპირატესობით წარიმართა და შესაბამისი ანგარიშით დასრულდა – 3:0.

 

ფაქტები

  • დიდ ტურნირებზე (მსოფლიო + ევროპის ჩემპიონატი) პორტუგალია და თურქეთი აქამდე შვიდჯერ შეხვდნენ ერთმანეთს – ექვსჯერ გამარჯვება პორტუგალიელებმა იზეიმეს, თურქებმა კი მოგება მხოლოდ ერთხელ მოახერხეს.
  • ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში რონალდომ მორიგი რეკორდი დაამყარა და მერვე საგოლე გადაცემა შეასრულა.
  • სამეტ აკაიდინმა საკუთარ კარში კურიოზული გოლი გაიტანა – ეს მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მეექვსე ავტოგოლია.
  • ეს არის პირველი მატჩი ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში, რომელშიც გოლები ერთდროულად გაიტანეს „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და „მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელებმა – ბრუნო ფერნანდეშმა და ბერნარდო სილვამ.

 

21′ წუთი. ბერნანდო სილვას გოლით პორტუგალიის ნაკრები თურქეთთან მატჩში დაწინაურდა 1:0.

28′ წუთი. მიმდინარე ევრო 2024-ის ყველაზე კურიოზული გოლი თურქებმა საკუთარ კარში გაიტანეს (2:0)

56′ წუთი. ვიტინიას ბრწყინვალე გადაცემა და რონალდომ ბრუნოს გოლი ცარიელ კარში გაატანინა – 3:0.

პორტუგალიის ნაკრებმა, მეორე გამარჯვებასთან ერთად, მერვედფინალის საგზურიც მოიპოვა და ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული გუნდი მომდევნო შეხვედრას 26 ივნისს სწორედ პორტუგალიასთან გამართავს.