ევრო 2024 | ხვიჩა კვარაცხელია - შეუძლებელი არაფერია, ვეცდებით, ჯგუფიდან გავიდეთ #1TVSPORT
ევრო 2024 | ხვიჩა კვარაცხელია - შეუძლებელი არაფერია, ვეცდებით, ჯგუფიდან გავიდეთ #1TVSPORT

პოდგორიცაში მონტენეგროს ნაკრებთან მოგებული (3:1) მატჩის შემდეგ უეფა-ს ოფიციალურმა გვერდმა ხვიჩა კვარაცხელიას ინტერვიუ ჩამოართვა, სადაც მან მოახლოებულ ევროპის ჩემპიონატსა და „ნაპოლიზე“ ისაუბრა.

„ევროპის ჩემპიონატამდე ეს საქართველოს ნაკრებისთვის ბოლო შეხვედრა იყო და მის შედეგს ჩვენთვის დიდ მნიშვნელობა ჰქონდა. ვფიქრობ, ევროპის ჩემპიონატისთვის მზად ვართ, დღევანდელი მოგება მნიშვნელოვანი იყო – გერმანიაში კარგი განწყობით მივდივართ.

რაც შეეხება ევრო 2024-ზე გამოსვლს, ვფიქრობ, შეუძლებელი არაფერია. ვეცდებით, ჯგუფიდან გავიდეთ – ეს ჩვენი მიზანია. კარგი გუნდი გვყავს, მეტოქეებს პატივს ვცემთ, მაგრამ მათ სახელებს არ ვუყურებთ, მხოლოდ საკუთარ თამაშზე ვართ კონცენტრირებულნი. გერმანიაში ტურისტებად არ მივდივართ, გამარჯვება გვსურს. ვფიქრობ, რომ მეტოქეებს საქართველოს ნაკრებთნ თამაში არ უხარიათ.

რაც შეეხება ჩემს საკლუბო ამბებს, ნეაპოლში დიდ სიყვარულს ვგრძნობ, მინდა, ვთქვა, რომ გულშემატკივარი ძალიან მეხმარება, სულ ჩემ გვერდით არიან და მამხნევებენ. ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, რადგან როცა ადამიანები გაფასებენ და უყვარხარ, უნდა ეცადო, რომ მოლოდინი გაუმართლო.

ბევრს ვშრომობ და ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ გავახარო როგორც „ნაპოლის“, ასევე საქართველოს ნაკრების ქომაგები. ასე გავაგრძელებ და ვეცდები, მეტი გავაკეთო, რომ ჩემი გულშემატკივარი უფრო ბედნიერი იყოს“, – განაცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ.