ევრო 2024 | ალექსანდრე იაშვილი - თურქეთთან მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრებისგან ყველა უკეთეს შედეგს ელის #1TVSPORT
ევრო 2024 | ალექსანდრე იაშვილი - თურქეთთან მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრებისგან ყველა უკეთეს შედეგს ელის #1TVSPORT

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა თურქეთთან გამართულ მატჩსა და ჩეხეთთან შეხვედრისთვის მზადებაზე ისაუბრა.

„უდიდესი სიამაყის გრძნობაა, როდესაც ევროპის ჩემპიონატზე შენი ქვეყნის ჰიმნი ჟღერს და დროშა ფრიალებს. ეს საოცარი მომენტი არასოდეს დაგვავიწყდება. ვამაყობთ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებითა და ქართველი გულშემატკივრებით – ბიჭებმა მოედანზე ბოლომდე იბრძოლეს, ხოლო გულშემატკივარმა ტრიბუნაზე აჩვენეს, რომ ჩვენს ქვეყანაში ფეხბურთი ძალიან უყვართ. სამწუხაროდ, თურქეთთან ძალიან დასანანი წაგება იყო – მით უმეტეს, რომ გვქონდა საგოლე მომენტები და, მინიმუმ, ქულას ვიმსახურებდით.

ჩვენ ყველას დავანახეთ, რომ საქართველოს ნაკრებს დიდ ტურნირზე კარგად თამაში შეუძლია. ეს მომენტი ჩვენს პასუხისმგებლობას ზრდის, რადგან ჩეხეთთან მატჩში საქართველოს ნაკრებისგან ყველა უკეთეს შედეგს ელოდება.

რაც შეეხება ოთარ კიტეიშვილს, ის ინდივიდუალურად ვარჯიშობს, თავს უკეთესად გრძნობს და დიდი იმედი გვაქვს, რომ მომდევნო თამაშისთვის მზად იქნება. ჩეხეთი ძლიერი გუნდია, მათთან რთული თამაში გველის. კიტეიშვილის გარდა, ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა. მონტენეგროსთან ამხანაგური მატჩის შემდეგ მწვრთნელმა ჩათვალა, რომ შენგელიას ნაცვლად წიტაიშვილი ეთამაშებინა. ვინ გავა მოედანზე მომდევნო მატჩებში, ამას მე ვერ გეტყვით, რადგან გადაწყვეტილებას მწვრთნელები იღებენ.

თურქეთთან წაგების მიუხედავად, გუნდში კარგი განწყობაა, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მომდევნო მატჩებში ქულები მოვიპოვოთ.

გუნდი სათამაშოდ და მოსაგებად მზად რომ არ იყოს, ისეთ ფეხბურთს ვერ აჩვენებდა, რაც თურქეთთან ვიხილეთ – ვგულისხმობ ფიზიკურ, მენტალურ და ფსიქოლოგიურ მომზადებას. საოცარი ბრძოლა იყო და ამიტომაც ვამბობ, რომ ჩეხეთთან მატჩში უფრო მეტი პასუხისმგებლობა გაგვიჩნდა“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ჩეხეთის ნაკრებების მატჩი ჰამბურგში 22 ივნისს გაიმართება და 17:00 საათზე დაიწყება.