ევრო 2023 | ინგლისის ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი - ფინალამდე ბევრი დეტალის გამოსწორება შეგვიძლია #1TVSPORT
ინგლისის ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა და ფეხბურთელებმა შეაფასეს ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის ნახევარფინალური მატჩი ისრაელთან, რომელიც 3:0 დაამარცხეს და ფინალში გავიდნენ.
ლი კარსლი, ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
„მომეწონა ისრაელის ნაკრები – ეს კარგი, ძლიერი გუნდია. მათ სულისკვეთება გამოავლინეს და მოხარული ვარ, რომ გავიმარჯვეთ. ეს გუნდის დამსახურებაა, რომელმაც მიზანს მიაღწია, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი დეტალია, რომლის გამოსწორებაც ფინალამდე შეგვიძლია.
ვიცი, რომ ინგლისის ნაკრებებში მუშაობა ურთულესია. ამას ვამბობ იმიტომ, რომ ბევრი მოთამაშის დათმობა ეროვნული ნაკრებისთვის გვიწევს და იმიტომაც, რომ ჩვენგან ყველა მხოლოდ მოგებას ელის. ეს ორი მოთხოვნა ურთიერთგამომრიცხავია, რადგან ყველა საუკეთესო ტალანტს ვერ ვიყენებდით და ამის გამო ხშირად იმედგაცრუებულები ვრჩებოდით.
მაგალითად, ჯუდ ბელინგემსა და ბუკაიო საკას ჩვენს ნაკრებში თამაში შეეძლოთ, მაგრამ ევრო 2023-ზე არ ითამაშეს. გარდა ამისა, დაგვაზარალა იმ ფაქტმაც, რომ ფოლარინ ბალოგუნი ამერიკის ნაკრებში გადავიდა. რაიან ბრიუსტერის ტრავმის გამო შეტევაში პრობლემები შეგვექმნა, მაგრამ მოვახერხეთ და ჩვენი სისუსტე სიძლიერედ გადავაქციეთ“.
მორგან გიბს-უაიტი, ინგლისის ნაკრების თავდამსხმელი:
„მეტყველების უნარი დავკარგე. ყველას გვჯეროდა, რომ ჩვენ ეს შეგვეძლო. ბოლო ორი წლის განმავლობაში ძალიან ბევრს ვმუშაობდით და ჩვენი ერთადერთი მიზანი ფინალში გასვლა იყო. ხვალ ჩვენ მოედანს დავუბრუნდებით და იმაზე მეტად ვივარჯიშებთ, ვიდრე ოდესმე“.
კერტის ჯონსი, ინგლისელი ნაკრების ნახევარმცველი:
„ისრაელი კარგი გუნდია, მაგრამ სტატისტიკა თავისთავად მეტყველებს – გოლები გაგვაქვს და თავად არ ვუშვებთ, არც შანსებს არ ვუშვებთ ხელიდან და კარგად ორგანიზებულები ვართ. ფინალი რთული იქნება, მაგრამ ჩვენ მზად ვართ“.
ინგლისის 21-წლამდელთა ნაკრები ევროს ფინალში მეოთხედ გავიდა; მათი ბოლო ფინალური მატჩი 2009 წელს ჩაატარეს, როდესაც გერმანიასთან 4:0 დამარცხდნენ, 1982 და 1984 წლებში კი ჩემპიონობა იზეიმეს.
„ახალგაზრდა ლომებმა“ მოიგეს 21-წლამდელთა ევროს ბოლო ექვსი თამაში, მათ შორის ხუთივე ამ ტურნირზე. ინგლისმა 21-წლამდელთა შესარჩევი ციკლის 16 შეხვედრიდან 14 მოიგო.
ისრაელის კარში კი ტურნირზე სამი პენალტი დაინიშნა, მაგრამ გუნდს არცერთი არ გაუშვია – მეკარე დანიელ პერეცმა გერმანიასთან ორი დარტყმა მოიგერია, ხოლო მორგან გიბს-უაიტმა ბურთი კარს ააცილა.