ევრო 2023 I საქართველოს მეტოქეს საუკეთესო ფეხბურთელი გამოაკლდა - ოპენდა ბელგიის წარმატების გასაღები იყო #1TVSPORT
ევრო 2023 I საქართველოს მეტოქეს საუკეთესო ფეხბურთელი გამოაკლდა - ოპენდა ბელგიის წარმატების გასაღები იყო #1TVSPORT

საქართველოში გასამართ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე ბელგიის ნაკრებს საუკეთესო მოთამაშე, ეროვნულ გუნდში გამოძახებული ლოის ოპენდა გამოაკლდა, – ამის შესახებ ინფორმაცია „ანდერლეხტისა“ და ბელგიის ნაკრების ყოფილმა მეკარემ, ვიმ დე კონინკმა გაავრცელა.

ოპენდა „ლანსის“ 23 წლის თავდამსხმელია. ის ფრანგულ გუნდში გასულ ზაფხულს გადავიდა და მიმდინარე სეზონში საფრანგეთის ლიგა 1-ში 20 გოლი გაიტანა, ბელგიის 21-წლამდელებში ჩატარებულ 15 შეხვედრაში კი თავი 13 გოლით გამოიჩინა.

„ბელგიის 21-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ჯაკი მატისენმა რამდენიმე მნიშვნელოვანი მოთამაშე არ გამოიძახა, მათ შორის ჯერემი დოკუ („რენი“) და არტურ ტეატე („რენი“), მაგრამ მთავარი პრობლემა ლოის ოპენდას არყოფნაა.

ის შესარჩევი ეტაპის დროს გუნდის ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშე იყო, უამრავი გოლი გაიტანა და მუდამ ენერგიულად უტევდა. ოპენდა ბელგიელთა წარმატების გასაღები გახლდათ.

რაც შეეხება ევრო 2023-ზე ჩვენი ნაკრების მიზნებს, ჩემი აზრით, პირველი ამოცანა ჯგუფური ეტაპის დაძლევაა. თუ გუნდი ამ დავალებას შეასრულებს, შემდეგ ასეთ დიდ ტურნირზე ყველაფერი შესაძლებელი იქნება“, – ამბობს „ანდერლეხტისა“ და ბელგიის ნაკრების ყოფილი მეკარე.