ევრო 2023 I ბელგიის ახალგაზრდულ ნაკრებს ენტონი დესკოტი შეუერთდა - გუნდის კიდევ ორი ლიდერი ქვეყნის მთავარ გუნდში გამოიძახეს #1TVSPORT
ევრო 2023 I ბელგიის ახალგაზრდულ ნაკრებს ენტონი დესკოტი შეუერთდა - გუნდის კიდევ ორი ლიდერი ქვეყნის მთავარ გუნდში გამოიძახეს #1TVSPORT

ბელგიის ფეხბურთის ასოციაციამ (BSFA) სოციალურ ქსელში გამოაცხადა, რომ თავდამსხმელი ენტონი დესკოტი ბელგიის ახალგაზრდულ ნაკრებს შეუერთდა, რადგან ქვეყნის ეროვნულ გუნდში 21-წლამდელებიდან კიდევ ორი წამყვანი მოთამაშე დაიმატეს.

ბელგიელები საქართველოს ნაკრების მეტოქეები არიან 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც 21 ივნისიდან 8 ივლისამდე საქართველოსა და რუმინეთში გაიმართება.

„შარლერუას“ 19 წლის შემტევი ამჟამად იჯარით ნიდერლანდებში, „უტრეხტში“ თამაშობს. ახალგაზრდულ ნაკრებში სამი მატჩი ჩაატარა. გასულ წელს, ევრო 2023-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე სადებიუტო შეხვედრა შოტლანდიასთან (0:0) ითამაშა. მიმდინარე წლის გაზაფხულზე ასევე მონაწილეობდა ჩეხეთთან (0:0) და იაპონიასთან (3:2 მოგება) ამხანაგურ მატჩებში. ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გადავიდა იჯარით „უტრეხტში“, სადაც მან რვა თამაშში ერთი გოლი გაიტანა.

გუნდის მთავარი მწვრთნელი ჟაკ მატიისენი იძულებული გახდა, უარი ეთქვა ასტერ ვრანკსა („მილანი“) და იოჰან ბაკაიოკოზე („ეინდჰოვენი“), რომლებიც ორშაბათს დომენიკო ტედესკომ ეროვნულ გუნდში გამოიძახა. ამინ ალ-დაჰილი („ბარნლი“) და ოლივიე დემანიც („სერკლ ბრიუგე“) ახალგაზრდულ გუნდს ამავე მიზეზით ვერ დაეხმარებიან. არტურ ვერმერენი („ანტვერპენი“) კი, რომელიც ბელგიის ჩემპიონატის გასული სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად აღიარეს, ევრო 2023-ს ტრავმის გამო გამოტოვებს.

დღეს, 14 ივნისს მატიისენმა უნდა წარადგინოს საბოლოო არჩევანი ევრო 2023-ისთვის. ბელგიელები პირველ მატჩს 21 ივნისს თბილისში, ნიდერლანდებთან გამართავენ, შემდეგ მასპინძელ საქართველოსა (24 ივნისს) და პორტუგალიას (27 ივნისს) დაუპირისპირდებიან. ხუთშაბათს, 15 ივნისს ბელგიის ნაკრები თელ ავივში ისრაელის წინააღმდეგ დასკვნით მოსამზადებელ შეხვედრას ჩაატარებს.