ევრო 2023 | ბელგიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატამდე ბოლო მატჩში ისრაელში მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT
ევრო 2023 | ბელგიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატამდე ბოლო მატჩში ისრაელში მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT

ევრო 2023-ის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ბელგიის ახალგაზრდულმა ნაკრებმა ბოლო ამხანაგური მატჩი სტუმრად ისრაელში ჩაატარა და 2:0 მოიგო.

ჟაკ მატისენის გუნდისთვის ისრაელში თამაში ტურნირის დაწყებამდე გენერალური რეპეტიცია იყო. ბელგიელების შემადგენლობაში ოთხ ფეხბურთელს არ უთამაშია – ალ-დახილი, დემანი, ვრანქსი და ოპენდა ეროვნული ნაკრების შეკრებაზე არიან და ახალგაზრდულ გუნდს მოგვიანებით შეუერთდებიან.

ბელგიელთა მწვრთნელმა ჟაკ მატისენმა ამჯერად ოთხი მცველით ითამაშა, მისი გუნდი ბურთს მთელი თამაშის განმავლობაში აკონტროლებდა. პირველ ტაიმში „მილანის“ შემტევმა შარლ დე კეტელაარმა რამაზანი მეკარესთან პირისპირ ორჯერ გაიყვანა, მაგრამ შემტევმა შანსებით ვერ ისარგებლა.

შესვენების შემდეგ მატისენმა ცვლილებები განახორციელა – მოედანზე შესულმა მიკი ბალივიშმა გუნდის შეტევები გაამწვავა. საბოლოდ ბელგიამ ნიკოლას რასკინის დუბლით მოიგო, მან გოლები 51-ე და 65-ე წუთებზე გაიტანა.

ბელგიელები ისრაელში შეკრებას კვირას დაასრულებენ და თბილისში გამოემგზავრებიან. ჯგუფურ ეტაპზე 21 ივნისს ნიდერლანდებს, 24 ივნისს საქართველოს, ხოლო 27-ში პორტუგალიას ეთამაშებიან.