ევრო 2020 შენს მობილურ ტელეფონში
ევრო 2020 შენს მობილურ ტელეფონში

პირველი არხი ევრო 2020-ს აუდიტორიას მობილური აპლიკაციის საშუალებითაც სთავაზობს.

დღეიდან შეგიძლიათ, ყველა მატჩი მობილურ ტელეფონში Mobile TV-ის ლაივსტრიმით, HD-ხარისხით იხილოთ. აპლიკაციის შეტყობინების მიღების ფუნქცია დაგეხმარებათ, არ გამოგრჩეთ მატჩები.

პირველი არხის მობილური აპლიკაცია Mobile TV აერთიანებს მაუწყებლის რამდენიმე მიმართულებას და არის მაუწყებლის Digital First სტრატეგიის ნაწილი.

აპლიკაცია საშუალებას იძლევა, გამოიწეროთ საინტერესო რუბრიკა/ტეგი და შეტყობინების ფუნქციის მეშვეობით, მიიღოთ სიახლეები გამოწერილი რუბრიკიდან.

Mobile TV-ის გადმოწერა შეგიძლიათ როგორც App Store-იდან, ასევე Play Store-იდან.

„საქართველოს პირველი არხი სულ უფრო მეტ ინვესტიციას დებს ახალ მედიაში, ავითარებს აპლიკაციებს, დიგიტალურ მედიას, რადგან ყველამ ვიცით, რომ ტრადიციული მედიასაშუალებები საკმარისი აღარ არის მომხმარებლისთვის. ამ ნაწილში ჩვენ გვაქვს ნამდვილად უნიკალური აპლიკაცია Mobile TV. ეს უფრო მეტია, ვიდრე რადიო და ტელევიზია, რადგანაც გვაქვს მრავალფეროვანი პროდუქტი.

უკვე დღეიდან დაემატა ლაივ სტრიმი, ანუ პირდაპირ ეთერში ყურების ფუნქცია, რომელიც განსაკუთრებულად ევრო 2020-ის მომხმარებელისთვის არის ერთგვარი სიურპრიზი – უფრო ადვილად, ძალიან სწრაფად იმ კონტენტის მიღება, რომელიც მათ იმ წუთში სჭირდებათ მობილურ ტელეფონში და არა სხვაგან. ეს უპირატესობა ბევრი კომპონენტისგან შედგება – არის უნიკალური შესაძლებლობა, რადგანაც სხვაგან ვერსად ნახავთ; დღესდღეობით, ყველა ტელეფონში ვიღებთ სასურველ ინფორმაციას; ასევე, დაეხმარება ყველას, ვინც საქართველოს პირველი არხის მაყურებელია, რომ ნებისმიერი ადგილიდან, ნებისმიერ წერტილიდან უყუროს იმას, რისი სურვილიც აქვს“, – განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა.