„ევრაქტივი“ - მაკრონი ევროკავშირს სთხოვს, გაააქტიუროს იძულების საწინააღმდეგო ინსტრუმენტი, ევროკავშირის სავაჭრო „ბაზუკა“, თუ აშშ-ის მხრიდან გრენლანდიის საკითხის გამო ახალი ტარიფები დაწესდება
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ევროკავშირს სთხოვს, გაააქტიუროს თავისი იძულების საწინააღმდეგო ინსტრუმენტი, იგივე ევროკავშირის სავაჭრო „ბაზუკა“ იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ის მხრიდან გრენლანდიის საკითხის გამო ახალი ტარიფები დაწესდება.
ამის შესახებ „ევრაქტივი“ ელისეის სასახლის პრესმდივანზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას.
ამასთან, მედიის ინფორმაციით, მსგავსი სურვილი გამოთქვა ევროპარლამენტარმა ვალერი ჰაიერმა ევროკომისიის პრეზიდენტისთვის, ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის გაგზავნილ წერილში.
„ევროკავშირის ანტიიძულებითი ინსტრუმენტი აქტიურად უნდა მომზადდეს, რადგან ის სპეციალურად ამ ხასიათის ეკონომიკურ ზეწოლაზე რეაგირებისთვის შეიქმნა“, – ნათქვამია წერილში.
გერმანელი ევროპარლამენტარი ბერნდ ლანგე კი მიიჩნევს, რომ აშშ ვაჭრობას „პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად“ იყენებს და ისიც აცხადებს, რომ ევროკავშირის ანტიიძულებითი ინსტრუმენტი სწორედ ასეთი შემთხვევებისთვის შეიქმნა.
ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ელჩები შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ურთიერთობების შემდგომი ნაბიჯების განსახილველად შეიკრიბებიან.
როგორც „ევრაქტივი“ წერს, „ბაზუკა“, რომელიც ეკონომიკური ზომების საკმაოდ ფართო სპექტრს მოიცავს, ევროკავშირმა 2023 წელს დაამტკიცა, მაგრამ არასდროს გამოუყენებიათ. ის ბრიუსელის ყველაზე ძლიერი სავაჭრო იარაღია – კომისიას საშუალებას აძლევს, დააწესოს სანქციები არა მხოლოდ საქონელზე, არამედ მომსახურებაზეც. ეს ინსტრუმენტი ითვალისწინებს ფართო კონტრზომებს, მათ შორის ინვესტიციების შეზღუდვას, ინტელექტუალური საკუთრების დაცვის გაუქმებას, კომპანიების ლიცენზიების შეჩერებას და ევროკავშირის სახელმწიფო შესყიდვებზე წვდომის აკრძალვას. მისი გააქტიურებისთვის საჭიროა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების კვალიფიციური უმრავლესობის მხარდაჭერა – ევროკავშირის 27 ქვეყნიდან 15-ის, რაც ევროკავშირის მოსახლეობის, სულ მცირე, 65%-ს წარმოადგენს.
„ევრაქტივის“ ცნობით, გასულ წელს ზოგიერთმა ქვეყანამ, მათ შორის საფრანგეთმაც მიანიშნა ამ ინსტრუმენტის გამოყენებაზე, როგორც ბერკეტზე ვაშინგტონთან მოლაპარაკებებში, თუმცა მისი ოფიციალური გამოყენება შიდა დისკუსიებს არასდროს გასცდენია.