„ევრაქტივი“ – ევროკავშირთან მოლაპარაკებების გადამწყვეტ მომენტში მოლდოვა მაია სანდუს ნათესავებთან დაკავშირებულ კორუფციულ სკანდალშია გახვეული
ევროკავშირთან მოლაპარაკებების გადამწყვეტ მომენტში მოლდოვა სკანდალშია გახვეული, – ამის შესახებ სტატიას „ევრაქტივი“ აქვეყნებს.
როგორც გამოცემა წერს, მოლდოვამ ევროკავშირთან წევრობის შესახებ ოფიციალური მოლაპარაკებები ივნისის შუა რიცხვებში დაიწყო, თუმცა არსებულმა სკანდალმა, შესაძლოა, სკეპტიკურად განწყობილ ევროპულ მთავრობებში მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს.
„ევრაქტივის“ სტატიის მიხედვით, მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ ბრიუსელში პოპულარული და პატივსაცემი პოლიტიკოსია, თუმცა სტრატეგიულ სამთავრობო სააგენტოში გამომჟღავნებული სკანდალის გამო, რომელშიც მისი ნათესავი ანასტასია ტაბურჩენუ მონაწილეობს, სანდუ და მისი პროევროპული მთავრობა ბოლო დროს ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან.
ამასთან, ვებგვერდ Rise.MD-ის გამომძიებელი ჟურნალისტების ცნობით, სანდუს ბიძაშვილი ანასტასია ტაბურჩენუ საჰაერო მოძრაობის მაკონტროლებელ კომპანია „მოლდაცაში“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამდებობაზე პირდაპირ დანიშნეს. ჟურნალისტების ინფორმაციით, თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ მისი ანაზღაურება გაიზარდა და მოლდოვაში არსებულ საშუალო ხელფასს რვაჯერ აღემატება.
Rise.MD-ის ინფორმაციით, ანაზღაურების სახით ტაბურჩენუ დაახლოებით 4 000 აშშ დოლარს იღებდა, 2026 წლიდან კი მისი ანაზღაურება 6 800 აშშ დოლარს აჭარბებდა.
აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით სანდუმ და მისმა მთავრობამ ნეპოტიზმის ბრალდებები უარყვეს. სანდუს თქმით, თანამდებობაზე თავისი ბიძაშვილის დანიშვნის შესახებ არაფერი იცოდა და მის ხელფასს „დაუმსახურებელი“ უწოდა.
ამასთან, Rise.MD-ის ჟურნალისტების ინფორმაციით, „მოლდაცას“ დირექტორმა, დუმიტრუ ვანგელმა თავისი რეზიუმე გააყალბა. მედიის ცნობით, მას ედავებიან, რომ პროფესიული გამოცდილება რეზიუმეში არასწორად ჰქონდა მითითებული, რის გამოც თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ვანგელმა რეზიუმეში მიუთითა, რომ კანადაში პილოტების მოსამზადებელ სკოლაში სწავლობდა და 2012-2014 წლებში Air Canada-ში კომერციულ პილოტად მუშაობდა. ჟურნალისტებმა დაუკავშირდნენ Air Canada-ს და კომპანიამ დაადასტურა, რომ მათ არ ჰქონდათ არანაირი ჩანაწერი ვანგელის მათთან მუშაობის შესახებ. მოლდოვას ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ცენტრმა დუმიტრუ ვანგელის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის. ამ სკანდალმა მოლდოვის მთავრობაში პოლიტიკური გადადგომის კასკადი გამოიწვია.
როგორც „ევრაქტივი“ წერს, „კრიტიკოსები შეშფოთებულნი არიან, რომ ქვეყნის მმართველი, მოქმედებისა და სოლიდარობის პარტიის (PAS) მონაწილეობით სკანდალები დააზიანებს სანდუს და გადაწევს მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების 2030 წლის ვადას, ვიდრე ქვეყანაში რეალური ანტიკორუფციული რეფორმები არ განხორციელდება“.