„ევოლუშენ გეიმინგის“ მთავარი იურისტი - იმედს ვიტოვებთ, კომპანიასა და დასაქმებულთა გარკვეულ ნაწილს შორის არსებული ღია საკითხები ცივილიზებული გზით გადაწყდება
„ევოლუშენ გეიმინგის“ მთავარი იურისტი - იმედს ვიტოვებთ, კომპანიასა და დასაქმებულთა გარკვეულ ნაწილს შორის არსებული ღია საკითხები ცივილიზებული გზით გადაწყდება

ღია ვართ კონსტრუქციული დიალოგისთვის და იმედს ვიტოვებთ, კომპანიასა და თანამშრომელთა ამ გარკვეულ ნაწილს შორის არსებული ღია საკითხები, გადაწყდება ცივილიზებული გზით და ღირსეულად, – ამის შესახებ „ბითუბი“ (B2B) კომპანია „ევოლუშენ გეიმინგის“ მთავარი იურისტმა, ირაკლი სოკოლოვსკიმ კომპანიის თანამშრომლების გაფიცვის კომენტირებისას განაცხადა.

„ჩვენ მივიღეთ მოთხოვნები თანამშრომელთა გარკვეული ნაწილისგან. ღია ვართ კონსტრუქციული დიალოგისთვის და იმედს ვიტოვებთ, კომპანიასა და თანამშრომელთა ამ გარკვეულ ნაწილთან არსებული ღია საკითხები გადაწყდება ცივილიზებული გზით და ღირსეულად. ასევე უდავოა, რომ მხარს ვუჭერთ ჩვენი თანამშრომლების მიერ თავისუფალი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, პატივს ვცემთ ამ უფლებების გამოყენებას. მეტიც – საკუთარი თანამშრომლების უსაფრთხოება არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი. ვიმედოვნებთ, მეორე მხრიდან ქმედებები სრულად იქმნება შესაბამისი საქართველოს კანონმდებლობასთან“, – განაცხადა „ევოლუშენ გეიმინგის“ მთავარი იურისტმა.

რაც შეეხება აქციაში მონაწილეობის გამო თანამშრომელთა შესაძლო გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას, იურისტი აღნიშნულს დეზინფორმაციად აფასებს და ამბობს, რომ კომპანია მზად არის გაფიცულ დასაქმებულებთან დიალოგისთვის.

მისივე თქმით, გაფიცულია სულ 80-მდე დასაქმებული.

„ამ მომენტისთვის კომპანიის მხრიდან რაიმე გადაწყვეტილება არ მიღებულა. მზად ვართ კონსტრუქციული დიალოგისთვის. ჩვენი ინფორმაციით, 70-80 ადამიანია გაფიცული“, – განაცხადა ირაკლი სოკოლოვსკიმ.

ამასთან, გაერთიანებული პროფკავშირების ინფორმაციით,  გაფიცულია კომპანიის 400-მდე თანამშრომელი. მათივე ცნობით, აქციის მონაწილეები ხელფასების მომატებას და უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში აღდგენას ითხოვენ.

დატოვე კომენტარი