ევგენი ჩერვონენკო - მინდა, ბოდიში მოვუხადო მოძმე ქართველ ხალხს​ არახამიას განცხადების გამო
ევგენი ჩერვონენკო - მინდა, ბოდიში მოვუხადო მოძმე ქართველ ხალხს​ არახამიას განცხადების გამო

მიხეილ სააკაშვილის დანიშვნით სილას ვაწნით მოძმე ერს, ვართულებთ მათსა და ჩვენს მდგომარეობას რუსეთის წინაშე, ხელვყოფთ დიპლომატიის კანონებსა და ადამიანურ გაგებას, – ამის შესახებ უკრაინის ​ტრანსპორტის ყოფილმა მინისტრმა, ევგენი ჩერვონენკომ უკრაინული ტელევიზია „112“-ის პოლიტიკურ ტოკშოუ „პულსში“ განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი ცრუობს და ღალატობს უახლოეს ადამიანებს.

„როდესაც ღმერთს ვინმეს დასჯა სურს, ის მას გონებას ართმევს. ვიტყოდი, რომ ვისაც წარსული არ ახსოვს, მას მომავალი არ აქვს. მე მიყვარს საქართველო. მე მიყვარს ის არა მხოლოდ სიტყვებით. როდესაც მე სახელმწიფო რეზერვის თავმჯდომარე ვიყავი 2000 წელს, ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს, ფინანსთა მინისტრთან ერთად, პრეზიდენტ კუჩმას მხარდაჭერით, ჩვენ ჩავიტანეთ საქართველოში ხუთი ათასი ტონა ფქვილი, როდესაც იყო შიმშილი. მე საქართველოსთან საკუთარი ურთიერთობები მაქვს ისევე, როგორც მქონდა სააკაშვილთან, ვიდრე მან შუსტერის შოუში თავხედურად არ მოიტყუა და ეს მთელმა ქვეყანამ იცოდა. როდესაც ადამიანი ხელიდან ჭამდა და შემდეგ გადანაშაულებს იმაში, რაც არ ყოფილა, როდესაც ღალატობს უახლოეს ადამიანებს, როდესაც ცრუობს… ამიტომ სააკაშვილთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება საკუთარი ღირსების შელახვად მიმაჩნია. არ ვიცი, რას იტყვის საქართველოს ხელისუფლება. ის დიდი ხანია, გლობალისტური ძალების დაქირავებულია, აუცილებელი არაა, სიმართლეს შეესაბამებოდეს ის, რომ ის უმაღლეს კაბინეტებში, საერთაშორისო სავალუტო ფონდში მიღებული პიროვნებაა“, – განაცხადა ევგენი ჩერვონენკომ.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა თავისი ქმედებებით ყველაფერი თქვა. ჩერვონენკომ ასევე განაცხადა, რომ სურს, ქართველ ხალხს რადას დეპუტატ დავით არახამიას განცხადების გამო მოუბოდიშოს.

„ჩადით ოდესაში და იკითხეთ, თუმცა არახამიას გიჟურ განცხადებებს შემიძლია, ვუპასუხო, როგორც უმაღლესი რანგის ჩინოსანმა. სააკაშვილის დანიშვნით ჩვენ უპირველეს ყოვლისა სილას ვაწნით მეგობარ, მოძმე ერს. ჩვენ ვართულებთ მათსა და ჩვენს მდგომარეობას რუსეთის წინაშე, ხელვყოფთ დიპლომატიის კანონებსა და ადამიანურ გაგებას. სააკაშვილი ტრაბახობს საკუთარი რეფორმებით, მე კი, გეფიცებით, ჩავიდოდი და ვიტყოდი აი, მე აქ ვარ, ეს არის პოლიტიკური დევნა, მოდით, ტელეკამერების წინაშე წარადგინეთ არგუმენტები. სააკაშვილი თუ ასე მოიქცეოდა, ის დიდებული პიროვნება გახდებოდა. ასეთ ქვეყანაში, რომელმაც ბევრი დემოკრატიული ცვლილება განიცადა, ქრისტიანულ ქვეყანაში, განსაკუთრებით საქართველოში, სიმართლე და სიმამაცე დაფასდებოდა. მსურს, მოკითხვა გადავცე მოძმე ქართველ ხალხს და ბოდიში მოვუხადო არახამიას გამო – ჩვენთან ასეთები არ მსახურობდნენ“, – დასძინა ევგენი ჩერვონენკომ.

უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა – „საქართველო არ არის აშშ, რომელიც იტყვის, რომ სხვას შეუქმნის დიპლომატიურ პრობლემებს, ეს საქართველოა, არ უნდა დაივიწყონ“.