„ევექსის“ კლინიკაში აცხადებენ, რომ კორონავირუსით ინფიცირებულ თანამშრომელთან კონტაქტში მყოფი ყველა პირი უკვე იდენტიფიცირებულია
„ევექსის“ კლინიკაში აცხადებენ, რომ კორონავირუსით ინფიცირებულ თანამშრომელთან კონტაქტში მყოფი ყველა პირი უკვე იდენტიფიცირებულია

კლინიკა „ევექსის“ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია „ევექსის“ რეგიონულმა კოორდინატორმა დაადასტურა.

ტატო თოდუას თქმით, ინფიცირებულ თანამშრომელთან კონტაქტში მყოფი ყველა პირი უკვე იდენტიფიცირებულია და საკარანტინო სივრცეებში არიან გადაყვანილი.

მისივე განმარტებით, ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფ პირებს ამ ეტაპზე „კოვიდ-19“ არ უდასტურდებათ, თუმცა ისინი საკარანტინო სივრცეში ორი კვირის განმავლობაში დარჩებიან.

„გიდასტურებთ, რომ კვლევისას ჩვენს თანამშრომელს დაუდასტურდა „კოვიდ-19“. აღნიშნულ თანამშრომელთან კონტაქტში მყოფი ყველა პირის იდენტიფიცირება მოხდა და საკარანტინო სივრცეებში გადანაწილდნენ. ტესტირებისას მათ დაავადება არ უვლინდებათ, თუმცა ორი კვირა საკარანტინო სივრცეში დარჩებიან“, – განაცხადა ტატო თოდუამ და დასძინა, რომ ამ დროისთვის საკარანტინო სივრცეში 17 ადამიანი იმყოფება.

„კლინიკა ჩვეულებრივ განაგრძობს ფუნქციონირებას. დაუყოვნებლივ მოხდა კლინიკაში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება. კონტაქტში მყოფი პირების გამოვლენით, ამჯერად რისკი მინიმალურია“, – განაცხადა ტატო თოდუამ.

ამასთან, თოდუას ინფორმაციით, ინფიცირებული 50 წლამდე ასაკისაა და მას ინფექცია 15 აგვისტოს დაუდგინდა.

„ევექსის“ თანამშრომელი ქალბატონი არის 50 წლამდე. დადასტურდა 15-ში, გვიან ღამე. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. სიმპტომები ამჯერად მკვეთრად გამოხატული არ არის. კარგად გრძნობს თავს. მისი ინფიცირების წყარო ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობია, ამაზე კვლევა მიმდინარეობს. ინფიცირებული მედიკოსი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობს“, – განაცხადა ტატო თოდუამ.