ეველინ ფარკასი - სააკაშვილმა შესაძლოა, უკრაინის სტაბილურობა საფრთხეში ჩააგდოს 
ეველინ ფარკასი - სააკაშვილმა შესაძლოა, უკრაინის სტაბილურობა საფრთხეში ჩააგდოს 

აშშ-ის თავდაცვის მდივნის ყოფილი ასისტენტი ეველინ ფარკასი მიხეილ სააკაშვილის  უკრაინაში საქმიანობას  შოუმენობას უწოდებს.

ამის შესახებ ეველინ ფარკასმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტმა მას ჰკითხა, თუ რას ფიქრობს უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის საქმიანობაზე.

„პირველ რიგში, ვფიქრობ, ეს შოუმენობა, დიდი შოუს მოწყობის მცდელობაა. ასეთი საქციელი დისკომფორტის განცდას მიჩენს. ვფიქრობ, ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი, ყოფილი გუბერნატორი სააკაშვილი ცდილობს უკრაინის გარდაქმნას და რეფორმების გატარების დაჩქარებას, როგორც თვითონ ამბობს. მაგრამ მე პირადად, მისი სტილი არ მომწონს და ეს ჩემი პირადი შეხედულებაა. მიუხედავად ამისა, იმ საკითხებზე, რომლებზეც ის საუბრობს, უკრაინის საზოგადოების ერთი ნაწილი ყურადღების ცენტრშია. სააკაშვილი უკრაინაში კორუფციის აღმოფხვრას ცდილობს და იმ ადამიანების ხმას წარმოადგენს, რომლებიც ამბობენ, რომ პრეზიდენტი პოროშენკო რეფორმებს სწრაფი ტემპით არ ახორციელებს. სააკაშვილს შეუძლია უკრაინის მთავრობაზე ზეწოლის განხორციელება. თუმცა, გზა რომელიც მან აირჩია ვფიქრობ საშიშია. უკრაინის მთავრობა და მთლიანად ქვეყანა ძალიან სუსტია. სააკაშვილი საკუთარი მიზნის მისაღწევად ბრბოს იყენებს, რაც არც დემოკრატიული მეთოდია და არც პროცედურული მიდგომა“, – განაცხადა ეველინ ფარკასმა.

აშშ-ის თავდაცვის მდივნის ყოფილი ასისტენტი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილმა შესაძლოა, უკრაინის სტაბილურობა საფრთხეში ჩააგდოს.

„ამით ვერც უკრაინა მოიგებს და ვერც საქართველო. ერთადერთი ადამიანი, რომელიც ამ ვითარებით ისარგებლებს, ვლადიმირ პუტინია“, – აღნიშნა ფარკასმა.