ევანგელური ეკლესია „სიცოცხლის სიტყვა“ ქრისტეს შობის დღესასწაულს აღნიშნავს
ევანგელური ეკლესია „სიცოცხლის სიტყვა“ ქრისტეს შობის დღესასწაულს აღნიშნავს. შეკრებილი მრევლი, ლოცვასთან ერთად, თეატრალიზებულ წარმოდგენას მართავს და ქრისტეს შობას განასახიერებს.
სპეციალურად მომზადებული სიტყვით მრევლს უფლის ღვაწლისა და საქმის შესახებ პასტორმა მიმართა. შობის საზეიმო ლოცვა მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება.
ევანგელური ეკლესია „სიცოცხლის სიტყვა“ შობის დღესასწაულს თბილისში 1997 წლიდან აღნიშნავს.
„მინდა, მთელ საქართველოს მივულოცო. ბევრს ლაპარაკობენ დღეს საზეიმო განწყობა არის თუ არ არის, მაგრამ ვფიქრობ, არც მაშინ იყო ის პერიოდი, როცა შეიძლება ითქვას, რომ საზეიმოდ ჰქონდა ხალხს საქმე; ოკუპირებული იყო მთელი ტერიტორია, იყო კორუფცია იყო სიკვდილი, ავადმყოფობა და ზუსტად ამ დროს ეცხადება ანგელოზი მწყემსებს და ეუბნება ნუ გეშინია, იხარეთ, რადგან იუწყება სიხარული ყველა ხალხისთვის. იესოს დაბადება არის ყველა ხალხისთვის, ყველა ადამიანისათვის. შეიძლება დღესაც ბევრი რამ ისე არ ხდება, მაგრამ მინდა, მთელ საქართველოს ვუთხრა, რომ დღევანდელი დღესასწაული შეხსენებაა იმისა, რომ ნუ გვეშინია, ღმერთი მოვიდა ადამიანის სახით მიწაზე, იცხოვრა როგორც ადამიანმა, იგრძნო როგორც ადამიანმა ყველაფერი და მას შეუძლია თანაუგრძნოს ადამიანს“, – განაცხადა საქართველოს „სიცოცხლის სიტყვის“ ეკლესიების უფროსი პასტორმა, მამუკა ჯებისაშვილმა.