ევა გოცირიძე – გირგვლიანის მკვლელობის გარდა, ყველასთვის ცნობილ საქმეებზე განაჩენი დადგა 2012 წლის შემდეგ, ვინ არის ამაში დამნაშავე? დანაშაულებრივი ფაქტები უნდა მიეწეროს თუ არა „ნაციონალურ მოძრაობას“?
ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმე, გირგვლიანი, ვაზაგაშვილი, ხუბულოვი, ვაზაგაშვილის აფეთქების საქმე, როინ შავაძის საქმე, ცინდელიანისა და ქარდავას მკვლელობის საქმე, ვალერი გელაშვილზე ძალადობის საქმე, მალხაზ აზარაშვილსა და ზაზა მესხზე ძალადობის საქმე, ვამეხ აბულაშვილსა და კახაბერ დაბრუნდაშვილზე ძალადობის საქმე, კობა დავითაშვილზე ძალადობის საქმე, 15 ივნისის საქმე, ომის ვეტერანებზე ძალადობის საქმე, 26 მაისის საქმე, ყინწვისის ოპერაციის საქმე, პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის მკვლელობის საქმე, ევგენი და ომეხ აფრასიძეების საქმე, 7 ნოემბრის საქმე, ლაფანყურის ოპერაციის საქმე – ამ საქმეებიდან თითქმის ყველა, ზოგიერთი გამონაკლისის გარდა, დამთავრდა ადამიანის სიკვდილით, – ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, ევა გოცირიძემ დღევანდელ პროცესზე განაცხადა.
გოცირიძის თქმით, ამ საქმეებს აერთიანებთ ის, რომ ჩადენილია სახელმწიფოს აგენტის, სახელმწიფოს წარმომადგენლის მიერ, ასევე, გირგვლიანის მკვლელობის საქმის გარდა, ყველა საქმეზე განაჩენი დადგა 2012 წლის შემდეგ, როცა დაიწყო გამოძიებები.
ევა გოცირიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს მიმართა კითხვით: „ეს დანაშაულებრივი ფაქტები უნდა მიეწეროს თუ არა „ნაციონალურ მოძრაობას“?“
„ყველასთვის ცნობილი საქმეები, რომლებიც, მათ შორის, კომისიის დასკვნაშიც არის მითითებული – ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმე, გირგვლიანი, ვაზაგაშვილი, ხუბულოვი, ვაზაგაშვილის აფეთქების საქმე, როინ შავაძის საქმე, ცინდელიანისა და ქარდავას მკვლელობის საქმე, ვალერი გელაშვილზე ძალადობის საქმე, მალხაზ აზარაშვილსა და ზაზა მესხზე ძალადობის საქმე, ვამეხ აბულაშვილსა და კახაბერ დაბრუნდაშვილზე ძალადობის საქმე, კობა დავითაშვილზე ძალადობის საქმე, 15 ივნისის საქმე, ომის ვეტერანებზე ძალადობის საქმე, 26 მაისის საქმე, ყინწვისის ოპერაციის საქმე, პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის მკვლელობის საქმე, ევგენი და ომეხ აფრასიძეების საქმე, 7 ნოემბრის საქმე, ლაფანყურის ოპერაციის საქმე, ამ საქმეებიდან უმეტესი შემთხვევა არის მკვლელობა და ყველა არის ძალადობა, თითქმის ყველა, ზოგიერთი გამონაკლისის გარდა, დამთავრდა ადამიანის სიკვდილით. მათ აერთიანებთ რამდენიმე მახასიათებელი. პირველი, ისინი ჩადენილია სახელმწიფოს აგენტის, სახელმწიფოს წარმომადგენლის მიერ; მეორე ის, რომ არცერთი საქმის გამოძიება და მსჯავრდება დამნაშავისა, გარდა გირგვლიანის მკვლელობისა, არ მომხდარა თქვენი მმართველობის დროს და ყველა საქმეზე განაჩენი დადგა 2012 წლის შემდეგ, როცა დაიწყო გამოძიებები და ასე შემდეგ; კიდევ მესამე გარემოება, ამ მკვლელობებში ვინც შემდეგ იქნა მსჯავრდებული და მისი სერიოზული წვლილი დადგინდა – ახალაია თუ კოდუა, ქაჯაია, მიქაძე, ფირცხალავა, მეგის ქარდავა და ასე შემდეგ, ისინი იქნენ დაჯილდოებული პრეზიდენტის მიერ. პირველი – დანაშაული როდესაც ხდება სახელმწიფოს აგენტის მიერ – სიცოცხლის მოსპობა ან ძალის გამოყენება ისეთ შემთხვევაში, როდესაც არ არსებობდა ამის აბსოლუტური აუცილებლობა, მეორე – გამოუძიებლობა, როცა ყველა შემთხვევაში არის სახელმწიფო დამნაშავე და კიდევ, წახალისება ყოველივე ამის, რადგან როცა ხდება მკვლელების დაჯილდოება, თქვენ როგორ შეაფასებთ, ესეც საინტერესოა, ამ ყველაფერში ვინ არის დამნაშავე? მმართველი პარტია არ არის დამნაშავე ამაში საერთოდ? ეს დანაშაულებრივი ფაქტები უნდა მიეწეროს თუ არა „ნაციონალურ მოძრაობას“?“ – განაცხადა ევა გოცირიძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ლევან ბეჟაშვილმა აღნიშნა, რომ პარტიას, როგორც დამოუკიდებელ იურიდიულ პირს და სამართალსუბიექტს, არ შეიძლება, ეს შეერაცხოს.
„არ ჰქონდა პარტიას გამოძიების ფუნქციები. არ ჰქონდა არც გამოძიების უფლებამოსილება და ვერც დანაშაული ვერ შეერაცხება“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
ბეჟაშვილის განცხადებით, მოსამართლე ევა გოცირიძის შეკითხვაში პოლიტიკური მოტივაცია დაინახა.
„არ ვფიქრობ, რომ მოსამართლის და იურისტის კითხვაა, რაც თქვენ ჩამოაყალიბეთ, ჩემი აზრია, ეს პოლიტიკურ შეფასებას გულისხმობს. სამართლებრივი კუთხით დანახული კითხვა კი არ არის, მე პოლიტიკური მოტივაცია დავინახე ამ კითხვაში. ეს ჩემი აღქმაა“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
საკონსტიტუციო სასამართლოში „ქართული ოცნების“ სარჩელის თაობაზე სხდომა გრძელდება.
„ქართული ოცნების“ კონსტიტუციური სარჩელით მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელოს“, „ფედერალისტების“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა.