ევა ბოჭორიშვილი - ჩვენი პროგნოზით, 2020 წლისთვის ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.80 ლარის ფარგლებში შენარჩუნდება
ევა ბოჭორიშვილი - ჩვენი პროგნოზით, 2020 წლისთვის ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.80 ლარის ფარგლებში შენარჩუნდება

ლარის მკვეთრი გაუფასურების მიზეზი გაუარესებული მოლოდინები იყო, – ამის შესახებ საინვესტიციო კომპანიის Galt & Taggart კვლევების დეპარტამენტის უფროსმა, ევა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

როგორც მან განმარტა, ლარმა გაუფასურების რეკორდს შარშან 28 სექტემბერს მიაღწია, შემდეგ დასტაბილურდა და 15 დეკემბრიდან გამყარების ტენდენცია აქვს, რაც ბოლო დღეებშიც გრძელდება.

„რა იყო ლარის მკვეთრი გაუფასურების მიზეზი, ეს იყო გაუარესებული მოლოდინები, რადგან მაკროეკონომიკური პარამეტრები ამ გაუფასურების მასშტაბებს ვერ ხსნიდა. ამიტომ  მოჰყვა ამას ეროვნული ბანკის სხვადასხვა ინსტრუმენტი, მათ შორის სავალუტო ინტერვენციები, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა, უცხოურ ვალუტაში მოზიდულ სახსრების დარეზერვების შემცირება და ამ ყველაფერმა ერთობლიობაში გავლენა მოახდინა. რაც შეეხება ახლანდელ მაკროეკონომიკურ პარამეტრებს, იანვრის მონაცემი ვიცით და საგარეო ბალანსი გაუმჯობესებული რჩება, ეს იქნება ექსპორტი, ფულადი გზავნილები, ტურიზმი თუ სხვა. ეროვნული ბანკის პოზიტიურმა პოლიტიკამ, მოლოდინებზე იმოქმედა და ამან განაპირობა ლარის გამყარებაც“, – განაცხადა ევა ბოჭორიშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, ეროვნული ბანკის მხრიდან ჩარევას ითხოვდნენ, რაც ასეც მოხდა და პოზიტიური მოლოდინები გაჩნდა, ლარის ზედმეტად გაუფასურებისა და საჭიროების შემთხვევაში, ეროვნულ ბანკს აქვს შესაბამისი ინსტრუმენტები და მზაობაც, ჩაერიოს და ლარი დაასტაბილუროს.

„მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის ბოლო გადაწყვეტილებასაც გავიხსენებდი, სადაც ეროვნულმა ბანკმა დააფიქსირა პოზიცია, რომ თუ საჭირო გახდა და ლარი იმაზე მეტად გაუფასურდა, ვიდრე უნდა იყოს, მაშინ ცენტრალური ბანკი საჭიროზე მეტ ხანს შეინარჩუნებს გამკაცრებულ მონეტარულ პოლიტიკას. ასევე, როდესაც საპროცენტო განაკვეთები გაიზარდა ლარში,  ვხედავთ, რომ არარეზიდენტები, ანუ უცხოელები დაინტერესდნენ ჩვენი ფასიანი ქაღალდებით, გაოთხმაგებულია იანვარში უცხოელების მიერ სახაზინო ობლიგაციებში ინვესტირება და ესეც მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც ლარის კურსზე დადებითად მოქმედებს“, – განაცხადა Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსმა.

კომპანიის გათვლებით, 2020 წლის განმავლობაში ერთი აშშ დოლარის ღირებულება საშუალოდ 2.80 ლარის ფარგლებში იქნება.

„ჩვენი პროგნოზით, 2020 წლისთვის ერთი აშშ დოლარის ღირებულება საშუალოდ 2.80 ლარის ფარგლებში შენარჩუნდება. თუმცა თუ მაკროეკონომიკური პარამეტრები კიდევ უფრო გაუმჯობესდა და მოლოდინებიც პოზიტიური დარჩა, ლარო შეიძლება, კიდევ უფრო მეტადაც გამყარდეს“, – განაცხადა ევა ბოჭორიშვილმა.