ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა აშშ-ის სენატში ფორუმზე ტერორიზმზე, კორუფციასა და ორგანიზებულ დანაშაულზე ისაუბრა
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა აშშ-ის სენატში ფორუმზე ტერორიზმზე, კორუფციასა და ორგანიზებულ დანაშაულზე ისაუბრა

პარლამენტის წევრი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გიორგი წერეთელი ვაშინგტონში, ამერიკის შეერთებული შტატების სენატში, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის გეოპოლიტიკის თემაზე გამართულ ფორუმს დაესწრო და ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

გიორგი წერეთელი რეგიონში არსებულ გამოწვევებს – ტერორიზმის, რადიკალიზაციის, კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის საკითხებს შეეხო და აღნიშნული პრობლემების მოგვარებაში, აშშ-ის ჩართულობაზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ბალკანეთის ქვეყნების მიმართ აშშ-ისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მხარდაჭერა კვლავ გაგრძელდეს და მათი ევროკავშირში ინტეგრაცია, რეგიონში რუსეთის გავლენის შესამცირებლად, სათანადო ნაბიჯი იქნება.

გიორგი წერეთელმა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებსა და ეუთოს შორის ურთიერთობებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კანონის უზენაესობის განმტკიცებისა და დემოკრატიული განვითარების კუთხით, ორგანიზაცია ბალკანეთის ქვეყნების მთავრობებთან აქტიურად თანამშრომლობს.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა სენატში გამოსვლისას, სამხრეთ კავკასიაში არსებულ ვითარებაზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების საკითხებზე და რეგიონში არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრა.

ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გიორგი წერეთელი სენატორ ჯიმ ინჰოფს, კონგრესმენ რობერტ ადერჰოლტს და სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, პიტ მოროკოს შეხვდა. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა შეხვედრები გამართა ასევე კონგრესის ჰელსინკის კომისიის წევრებთან, საერთაშორისო რესპუბლიკის ინსტიტუტისა და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის წარმომადგენლებთან.

ვაშინგტონში შეხვედრებზე, გიორგი წერეთელმა სხვადასხვა ქვეყნის საკითხებთან ერთად, ყურადღება საქართველოში მიმდინარე პროცესებზეც გაამახვილა.