ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია არჩევნების მეორე ტურს აფასებს
ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია არჩევნების მეორე ტურს აფასებს

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის დამკვირვებლების შეფასებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური პროფესიონალურად ჩატარდა, თუმცა შეშფოთებას იწვევს ამომრჩეველზე შესაძლო ზეწოლისა და დაშინების შემთხვევები.

სადამკვირვებლო მისიამ მეორე ტურთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა. მისიის ხელმძღვანელმა, კორინ იონკერმა განაცხადა, რომ საარჩევნო პროცესი კარგად იყო ადმინისტრირებული, მერობის კანდიდატებს მეორე ტურში თავისუფლად მონაწილეობის შესაძლებლობები ჰქონდათ და დაცული იყო მათი ფუნდამენტური უფლებები.

პრობლემად ეუთო მიიჩნევს კანონმდებლობას, რომელმაც ვერ უზრუნველყო მეორე ტურში კონკურენტული გარემო. კორინ იონკერის თქმით, საკანონმდებლო ხარვეზის გამო ექვსიდან ორ ოლქში მარათონი არ შედგა, რადგან ნაციონალურმა მოძრაობამ უარი თქვა მეორე ტურზე, მესამე ადგილზე გასულ კანდიდატებს საკუთარი კანდიდატურის დაყენების უფლება კანონმა არ მისცა, ამიტომ პირველ ადგილზე გასულები უკონკურენტოდ დარჩნენ.

ეუთო-ს სადამკვირვებლო მისია მედიაში არსებულ ხარვეზებზეც საუბრობს.

„გამოხატვის თავისუფლება მეორე ტურის საარჩევნო კამპანიის დროს დაცული იყო, თუმცა მარეგულირებელი ორგანოდან მიღებული მითითებების თანახმად, მაუწყებლებს უფასო საეთერო დროის გამოყოფა და ფასიანი საარჩევნო რეკლამების შეთავაზება მხოლოდ 2 ნოემბრიდან შეეძლოთ, რამაც კანდიდატებისთვის მედია კამპანიის წარმოების შესაძლებლობა შეზღუდა. ზოგიერთი ადგილობრივი მედიასაშუალება საარჩევნო კამპანიას რეგულარულად აშუქებდა, ხოლო ნაციონალურ დონეზე, მედია მეორე ტურის ფარგლებში მიმდინარე საარჩევნო კამპანიას უმეტესწილად იგნონირებას უკეთებდა. ახალ ამბებში მმართველი პოლიტიკური ძალა „ქართული ოცნება“ დომინირებდა“ – ნათქვამია სადამკვირვებლო მისიის განცხადებაში.

პირველი ტურისგან განსხვავებით, მისიის ხელმძღვნელი აცხადებს, რომ დამკვირვებლებს ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება მთავარ პრობლემად არ დაუსახელებიათ, თუმცა შეშფოთებას იწვევდა შესაძლო ზეწოლისა და დაშინების ფაქტები. ამის მაგალითად კორიენ იონკერმა დაასახელა აქტივისტებისგან შემდგარი ჯგუფები, რომლებიც საარჩევნო უბნების გარეთ ისევ შეიკრიბნენ და აწარმოებდნენ ამომრჩევლებზე ინფორმაციის შეგროვებას, იმ მიზნით, რომ ზეწოლა მოეხდინათ. ანალოგიური პროცესი ეუთოს დამკვირვებლებმა უბნების შიგნითაც დააფიქსირეს.

საქართველოში ჩატარებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ეუთო საბოლოო ანგარიშს რვა კვირაში გამოაქვეყნებს. როგორც მისიის ხელმძღვანელმა განაცხადა, ანგარიშში ჩაიწერება რეკომენდაციები, მათ შორის საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწასთან დაკავშირებით.