ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფი - შეშფოთებული ვართ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებით და მოვითხოვთ მის სასწრაფოდ გათავისუფლებას
ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფი - შეშფოთებული ვართ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებით და მოვითხოვთ მის სასწრაფოდ გათავისუფლებას

შეშფოთებული ვართ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებით და მოვითხოვთ მის სასწრაფოდ გათავისუფლებას, – ამის შესახებ აღნიშნულია ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფის ერთობლივ განცხადებაში, რომელიც რუსეთ-საქართველოს კონფლიქტს ეხება.

განცხადება ბულგარეთის, კანადის, ჩეხეთის რესპუბლიკის, ესტონეთის, ფინეთის, ირლანდიის, ლატვიის, ლიეტუვის, ნორვეგიის, პოლონეთის, რუმინეთის, შვედეთის, უკრაინის, გაერთიანებული სამეფოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელით გაკეთდა.

„შეშფოთებული ვართ რუსეთის, სოხუმისა და ცხინვალის რეჟიმების გახშირებული პროვოკაციებით, მათ შორის, ოკუპაციის არეალის გაფართოების მცდელობითა და სამხრეთ ოსეთის რეგიონის ე.წ. უსაფრთხოების ძალების მიერ „საგუშაგოების“ მშენებლობით სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს, საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ჩვენ ასევე შეშფოთებული ვრჩებით მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვით ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის გასწვრივ სოფელ ატოცსა და გუგუტიანთკარში და საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონში ე.წ. გადასასვლელი პუნქტების გრძელვადიანი დახურვით. ამ ქმედებებმა გამოიწვია ადგილზე არსებული მდგომარეობის დესტაბილიზაცია და მძიმედ იმოქმედა კონფლიქტით დაზარალებულ ადგილებში მცხოვრები ხალხის უსაფრთხოებაზე, კეთილდღეობაზე და ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე. ახლახან ახალგორის რაიონში მცხოვრები მარგო მარტიაშვილის გარდაცვალება, რომელიც მოკლებული იყო შესაძლებლობას, მიეღო სწრაფი და ადეკვატური სამედიცინო მომსახურება ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვის გამო, კიდევ ერთი ტრაგიკული ილუსტრაციაა ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლების მუდმივი შეზღუდვით გამოწვეული მძიმე შედეგებისა. ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებით სამხრეთ ოსეთის რეგიონში და მოვითხოვთ მის სასწრაფოდ გათავისუფლებას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ კვალავაც ღრმად არიან შეშფოთებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რეგიონებში მცხოვრები ქართველების ეთნიკური დისკრიმინაციითა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევებით, მათ შორის, შეტყობინებებით წამების გამოყენებაზე, იძულებით გადაადგილებულ პირთა სახლების დანგრევით, გადაადგილების თავისუფლების, ცხოვრებისა და საკუთრების უფლების უსაზღვრო შეზღუდვით.

„მხარს ვუჭერთ იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა ნებაყოფლობით, უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნებას თავიანთი წარმოშობის ადგილებში. მოვუწოდებთ მათ, ვინც ეფექტურ კონტროლს ახორციელებს, დაუშვან ადამიანის უფლებათა და საერთაშორისო ორგანიზაციების სრული და შეუფერხებელი წვდომა საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში.

ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს საქართველოს მოქალაქის, ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების საქმეს, რომელიც თვითნებურად იყო დაკავებული აფხაზეთის რეგიონში უკანონოდ განთავსებულ რუსეთის სამხედრო ბაზაზე. ჩვენ ვგმობთ საქართველოს მოქალაქეების, არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობებს და მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, როგორც საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ სახელმწიფოს, არ შეუქმნას დაბრკოლება დამნაშავეთა მართლმსაჯულების წინაშე წარდგენას.

ამ კონტექსტში, ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ მოწოდებას აღნიშნული და სხვა საქმეების საფუძვლიანად გამოძიებისკენ და მართლმსაჯულების აღსრულებისკენ. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მიერ გადადგმულ პრევენციულ ნაბიჯებს, რომელთა მიზანია დაუსჯელობის აღკვეთა და ვითვალისწინებთ ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიის მიღებას საქართველოს მთავრობის მიერ.

ჩვენ მხარს ვუჭერთ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს, რომელიც წარმოადგენს ერთადერთ და მნიშვნელოვან ფორმატს, რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული მოუგვარებელი კონფლიქტიდან მომდინარე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული გამოწვევების გადასაჭრელად. აღვნიშნავთ, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების 50-ე რაუნდი გაიმართება მიმდინარე წლის დეკემბრის ბოლოს. ვწუხვართ, რომ მოლაპარაკებების ძირითად საკითხებზე ვერ ხერხდება პროგრესის მიღწევა, მათ შორის, ძალის არგამოყენების, საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, უსაფრთხო, ღირსეული და ნებაყოფლობითი დაბრუნების საკითხებზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფმა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტზე ერთობლივი განცხადება დღეს მოამზადა.