ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფი დღეს განცხადებას მიიღებს

ეუთო-ში მიმდინარე საგარეო საქმეთა მინისტერიალზე ძირითადი აქცენტი კონფლიქტებსა და ტრანსნაციონალურ საფრთხეებზე კეთდება.

როგორც “პირველი არხის” კორესპონდენტი ვენიდან იუწყება, ეუთო-ში საქართველოს საკითხი და კონფლიქტები განიხილეს.

“ეუთო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირებას. ეუთო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჩართულია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმებში.

უკვე წლებია, რაც ეუთო-ს ფარგლებში ვერ ხდება კონსენსუსის მიღწევა , რადგან ამ კონსენსუსს ხელს უშლის ერთი სახელმწიფო, რუსეთის ფედერაცია. რუსეთი აგრძელებს ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას და მისი პოზიციის გამო ვერ ხდება. საერთო გადაწყვეტილებაზე შეთანხმება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკვე ორი წელია ეუთო-ში გამოიკვეთა საქართველოს მეგობართა ჯგუფი. ველოდებით ამ ჯგუფის განცხადებას. ეს განცხადება გახდება ამ მინისტერიალის დოკუმენტების ნაწილი და აღწერს საქართველოში მიღწეულ პროგრესს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას. დოკუმენტი დააფიქსირებს ჯგუფის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რუსეთმა შეასრულოს აღებული ვალდებულებები. საქართველოს მეგობართა ჯგუფის პოზიცია მკაფიო და ცალსახაა. ვალდებულებები ეხება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების დეოკუპაციას, ჟენევის დისკუსიებში კონსტრუქციულ მონაწილეობას, საერთაშორისო მექანიზმების გამოსაყენებლად შესაძლებლობების შექმნას და ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესაფასებლად ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო ორგანიზაციების დაშვება. ასევე, გადაიდგას ნაბიჯები კონფლიქტის მოსაგვარებლად. ვაგრძელებთ კონსულტაციებს საქართველოს პარტნიორებთან იმისათვის, რომ პოზიცია იყოს მაქსიმალურად კონსოლიდირებული და რუსეთ – საქართველოს კონფლიქტი იყოს საერთაშორისო საზოგადოების დღის წესრიგში აქტიურად წარმოდგენილი”, – განუცხადა ვენაში “პირველ არხს” საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ.

დატოვე კომენტარი