ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფი ოკუპირებულ აფხაზეთში „საპრეზიდენტო არჩევნების“ ლეგიტიმურობას არ აღიარებს
ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფი ოკუპირებულ აფხაზეთში „საპრეზიდენტო არჩევნების“ ლეგიტიმურობას არ აღიარებს

ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფი საქართველოს აფხაზეთის რეგიონში 22 მარტს ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებს. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს მეგობართა ჯგუფის ერთობლივ განცხადებაში.

„ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს სრულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ღრმად შეშფოთებულები ვრჩებით საქართველოს ტერიტორიის მიმდინარე ოკუპაციით. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები, მათ შორის საომარი მოქმედებების დაწყებამდე პოზიციებზე ძალების გაყვანა და ამ რეგიონებისადმი ჰუმანიტარული დახმარების თავისუფალი დაშვება. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ რუსეთს, უკან გაიწვიოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება. ჩვენ სრულად ვუცხადებთ მხარდაჭერას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში მოლაპარაკებებს“, -ნათქვამია საქართველოს მეგობართა ჯგუფის განცხადებაში.

ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფი 15 სახელმწიფოს აერთიანებს. ესენი არიან – აშშ, კანადა, დიდი ბრიტანეთი, უკრაინა, ბულგარეთი, ჩეხეთი, ესტონეთი, ფინეთი, ირლანდია, ლატვია, ლიეტუვა, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი და შვედეთი.