ეუთო-ში აშშ-ის მისია ტატუნაშვილის ცხედრის თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაუყოვნებლივ გადმოცემას ითხოვს
ეუთო-ში აშშ-ის მისია ტატუნაშვილის ცხედრის თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაუყოვნებლივ გადმოცემას ითხოვს

ეუთო-ში აშშ-ის მისია არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მისი ცხედრის თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაუყოვნებლივ გადმოცემას ითხოვს.

აღნიშნული განცხადება მისიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ეუთო-ში აშშ-ის წარმომადგენლობა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ე.წ. სამხრეთ ოსეთში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების გამო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს და  მის ოჯახს უსამძიმრებს.

ამერიკის შეერთებული შტატები ტრაგიკული ინციდენტების სრულ გამოძიებას მოითხოვს.

„აშშ ასევე ღრმად არის შეშფოთებული იმის გამო, რომ საქართველოს ორ მოქალაქეს, რომელიც ბატონ ტატუნაშვილთან ერთად დააკავეს და ახლა გაათავისუფლეს, თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაბრუნების საშუალება არ ეძლევა. ჩვენ მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ მისცენ მათ უფლება, თავისუფლად გადაკვეთონ ადმინისტრაციული საზღვარი“, – ნათქვამია ეუთო-ში აშშ-ის მისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთან, აშშ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და უარყოფს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას.

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაიყვანოს ძალების კონფლიქტამდელ პოზიციებზე, გააუქმოს საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელი სახელმწიფოების აღიარება და უზრუნველყოს აღნიშნულ რეგიონებში ჰუმანიტარული დახმარების წვდომა“, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე, ეუთო-ში აშშ-ის მისია ოკუპირებული აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე 2016 წლის მაისში საქართველოს მოქალაქის მკვლელობაზე პასუხისმგებელი პირების გასამართლებას მოითხოვს.