ეუთო-ში აშშ-ის მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ, კორტნი ოსტრიანმა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 51-ე რაუნდის შესახებ ისაუბრა
ეუთო-ში აშშ-ის მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ, კორტნი ოსტრიანმა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 51-ე რაუნდის შესახებ ისაუბრა

ეუთო-ს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე ეუთო-ში აშშ-ის მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ კორტნი ოსტრიანმა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 51-ე რაუნდის შესახებ ისაუბრა.

„ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმება წარმატებულ ძალისხმევას 10-11 დეკემბერს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 51-ე რაუნდის მოწვევასთან დაკავშირებით. მოლაპარაკებების დროს, აშშ-მა დადებითად აღნიშნა აფხაზეთის ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ ჰუმანიტარული დერეფნის გახსნა, რამაც კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას სასიცოცხლო მნიშვნელობის სარგებელზე, მედიკამენტებსა და სამედიცინო მკურნალობაზე წვდომის შესაძლებლობა მისცა. აშშ წუხს, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობა არ ჩამოყალიბდა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივაც, რასაც შესაძლოა, უფრო მეტი სიცოცხლე გადაერჩინა. აშშ-მა ასევე იმედგაცრუება გამოხატა პანდემიის მიუხედავად ორივე ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ ღობეებისა და სხვა ბარიერების მზარდი მშენებლობის, ასევე დე ფაქტო ხელისუფლებების მიერ საქართველოს მოქალაქეების დაკავებების გამო.

აშშ მიესალმება საქართველოს ვალდებულებას, არ გამოიყენოს ძალა ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, რაც გამომდინარეობს 2008 წელს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის ექვსპუნქტიანი შეთანხმებით გათვალისწინებული ძალების გამოუყენებლობის კონკრეტული ვალდებულებებიდან. მოვუწოდებთ რუსეთს, აიღოს საკუთარ თავზე საქართველოში ძალის გამოუყენებლობის ვალდებულება, მხარი დაუჭიროს ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო ზომების გაძლიერებას და გააუქმოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებელ ქვეყნებად“ აღიარება.

აშშ-მა ღრმა შეშფოთება გამოთქვა იმ მადესტაბილიზებელი შედეგების გამო, რაც აქვს საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე რუსეთის მიერ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებების აქტიური მონაწილეობით მიმდინარე რუსული სამხედრო ქმედებებს, რეგიონში რუსეთის ყოველწლიური ფართომასშტაბური სამხედრო წვრთნების ფარგლებში.

პოზიტიურად აღვნიშნავთ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ერგნეთის შეხვედრების აღდგენას, როგორც დიალოგის გზით უთანხმოების გადაწყვეტის ვალდებულების ნიშანს და მოვუწოდებთ წინასწარი პირობების გარეშე გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის აღდგენისკენ.

აშშ-მა შეშფოთება გამოთქვა რუსეთსა და აფხაზეთში დე ფაქტო ხელისუფლებას შორის ახალი „სოციალურ-ეკონომიკური“ პროგრამის შესახებ ცნობების გამო, კერძოდ, იმ ზომების გამო, რომლებიც როგორ ჩანს, ხელს შეუწყობს ოკუპირებული რეგიონის რუსეთის მიერ ეკონომიკურ ექსპლუატაციას და ოკუპირებული აფხაზეთის ჩართვას რუსეთის მმართველ სტრუქტურებში.

აშშ-მა გამოხატა მხარდაჭერა და დაფასება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების ძალისხმევისადმი, რომელიც დაკავშირებულია ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მონაწილეებთან დაკავშირებულ საკითხებზე პრაქტიკული თანამშრომლობის გაუმჯობესებასთან, მათ შორის საერთო ინტერესების თემებზე საინფორმაციო სესიების ორგანიზების გზით.

აშშ შეუერთდა 14 სხვა დელეგაციას საქართველოსადმი სრული გამოხატვის მხარდაჭერაში მინისტრთა საბჭოს სხდომაზე საქართველოს მეგობართა ჯგუფის განცხადების ხელმოწერით, რომელიც მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალისწინებული მისი მკაფიო ვალდებულება, რაც გულისხმობს კონფლიქტამდელ პოზიციებზე ძალების გაყვანას, ასევე რუსეთის მეირ ოკუპირებულ ტერიტორიებზე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში საერთაშორისო წვდომის ხელშეწყობასა და ჰუმანიტარული ორგანიზაციების ყველა დაკავებულთან სწრაფი დაშვების უზრუნველყოფას“,- განაცხადა კორტნი ოსტრიანმა.