ეუთო-ში აშშ-ის მისია - ვიმუშავებთ საქართველოსთან, ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფთან და საერთაშორისო ფორუმებზე, რათა რუსეთს პასუხი ვაგებინოთ
ეუთო-ში აშშ-ის მისია - ვიმუშავებთ საქართველოსთან, ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფთან და საერთაშორისო ფორუმებზე, რათა რუსეთს პასუხი ვაგებინოთ

ეუთო-ში აშშ-ის მისია 2008 ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

როგორც მისიის განცხადებაშია აღნიშნული, სასამართლოს გადაწყვეტილება დამატებით არგუმენტს შემატებს საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნას, რომ რუსეთმა შეწყვიტოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უხეში დარღვევა.

„გასულ კვირას ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლოს დიდმა პალატამ მკაფიოდ გამოიტანა გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ. სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთმა დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი და პროტოკოლი. ის პასუხისმგებელია სამოქალაქო პირების თვითნებურ დაკავებებზე, არაადამიანურ მოპყრობაზე, წამებაზე და სამხედრო ტყვეთა არასათანდო მოპყრობაზე, ასევე საქართველო მოქალაქეთათვის საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლების შეზღუდვაზე.

სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ რუსეთის მთავრობას საბრძოლო მოქმედებების დროსა და შემდგომ პერიოდში ჩადენილი სამოქალაქო პირების მკვლელობების სრული ან თუნდაც ადეკვატური გამოძიება არ ჩაუტარებია.

სასამართლოს გადაწყვეტილება დამატებით წონად არგუმენტს შემატებს საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნას, რომ რუსეთმა შეწყვიტოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უხეში დარღვევა.

მიუღებელია რუსეთის მცდელობები, აკონტროლოს და ექსპლუატაცია გაუწიოს საქართველოს რეგიონებს – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ბორდერიზაციის, თვითნებური დაკავებების, ადმინისტრაციული ხაზების მიღმა გადაადგილების შეზღუდვისა და საქართველოს ორ ოკუპირებულ რეგიონთან სოციალ-ეკონომიკური და სამხედრო ე.წ. შეთანხმებების გაფორმების გზით. ეს ქმედებები ემუქრება ამ ქართულ რეგიონებში მცხოვრები ხალხის სიცოცხლესა და კულტურას, მათ არ აქვთ წვდომა იმ შესაძლებლობებთან, რომლებიც საქართველოს ყველა მოქალაქეს უნდა ჰქონდეს. ეს კი არ შეესაბამება ეუთო-ში ნაკისრ საერთოს ვალდებულებებს, რაც ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვას გულისხმობს“, – ნათქვამია განცხადებაში.

აშშ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

„ჩვენ ვიმუშავებთ საქართველოსთან, ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფთან და საერთაშორისო ფორუმებზე, რათა რუსეთს პასუხი ვაგებინოთ“, – აღნიშნულია ეუთო-ში აშშ-ის მისიის განცხადებაში.

დატოვე კომენტარი