ეუთო-ში აშშ-ის მისია - სოლიდარობას ვუცხადებთ ზაზა გახელაძეს და ყველა იმ ოჯახს, რომლებსაც მოუხდათ, გაეძლოთ რუსეთის მჩაგვრელი ოკუპაციისთვის
ეუთო-ში აშშ-ის მისია - სოლიდარობას ვუცხადებთ ზაზა გახელაძეს და ყველა იმ ოჯახს, რომლებსაც მოუხდათ, გაეძლოთ რუსეთის მჩაგვრელი ოკუპაციისთვის

ამერიკის შეერთებული შტატები მკაცრად გმობს მოქალაქე ზაზა გახელაძის 12 წლით და 6 თვით დაპატიმრებას, მას შემდეგ, რაც რუსეთის მიერ კონტროლირებადი უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა მას ესროლეს და დააკავეს დაახლოებით შვიდი თვის წინ, – ამის შესახებ აღნიშნულია ეუთო-ში აშშ-ის მისიის განცხადებაში.

„ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ რუსეთის პროვოკაციული ქმედებები, ზაზა გახელაძის დაჭრა და დაკავება, არ მოხდებოდა, თუ რუსეთი 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს შეასრულებდა, რაც მისი ძალების კონფლიქტამდე პოზიციებზე დაბრუნებას გულისხმობს. 5 თებერვალს გამოტანილი განაჩენი არის კიდევ ერთი მაგალითი რუსეთის მცდელობისა, გააკონტროლოს და გამოიყენოს საქართველოს რეგიონები – აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. რუსეთის ქმედებები საფრთხეს უქმნის სიცოცხლეს, ადამიანის უფლებებს, კულტურას და იმ ადამიანთა პირად თავისუფლებას, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ და ახლოს მდებარე ტერიტორიებზე. ეს სასჯელი მოყვა 21 იანვარს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად რუსეთი პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების დარღვევაზე, მათ შორის წამებაზე, თვითნებურ პატიმრობაზე და საქართველოს მოქალაქეებისთვის საკუთარ სახლებში დაბრუნებაზე უარის თქმაში. ჩვენ მოვითხოვთ რუსეთისგან შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აშკარა დარღვევა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, რუსეთმა უნდა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება.

„გაიყვანოს საკუთარი ძალები კონფლიქტამდე პოზიციებზე. ასევე მოვუწოდებთ რუსეთს, უკან გაიწვიოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება და უზრუნველყოს ამ ტერიორიებზე ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებელი მიწოდება. სოლიდარობას ვუცხადებთ გახელაძეს, მის ოჯახს და ყველა იმ ოჯახს, რომლებსაც მოუხდათ გაეძლოთ რუსეთის მჩაგვრელი ოკუპაციისთვის. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში, ასევე, საქართველოს მეგობართა ჯგუფისა და ეუთოს ფორმატში, რათა რუსეთმა პასუხი აგოს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

საოკუპაციო რეჟიმმა ზაზა გახელაძე 11 ივლისს, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავა. დაკავებისას, რუსმა სამხედროებმა ის ფეხის არეში დაჭრეს.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და ექვსი თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა.