ეუთო-ს წარმომადგენელი ჰარლემ დეზირი - მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, ოპერატიულად გამოიძიოს ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებული ყველა ინციდენტი
ეუთო-ს წარმომადგენელი ჰარლემ დეზირი - მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, ოპერატიულად გამოიძიოს ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებული ყველა ინციდენტი

მედია თავისუფლების საკითხებში ეუთო-ს წარმომადგენელი ჰარლემ დეზირი სინანულს გამოთქვამს თბილისში გუშინ მიმდინარე დემონსტრაციის დროს ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებზე და აცხადებს, რომ ჟურნალისტების უსაფრთხოება ყოველთვის უნდა იყოს დაცული.

დეზირის განცხადების თანახმად, 20 ივნისს 30-ზე მეტი მედიასაშუალების, მათ შორის, „როიტერის“, „რადიო თავისუფლების“ ქართული ბიუროს, „რუსთავი 2“-ის, „სივილ.ჯის“, საქართველოს პირველი არხის, „კავკაზსკი უზელის“, „ნეტგაზეთის“, „ონ.ჯის“, „მაესტროს“, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს, „OC მედიისა“ და „ინტერპრესნიუსის“ ჟურნალისტები სერიოზულად დაშავდნენ სპეცრაზმის მიერ ნასროლი რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით მოწამვლის შედეგად. „მათ შეურაცხყოფა მიაყენეს, დაიჭირეს, ტექნიკა დაუზიანეს იმ დროს, როდესაც დემონსტრაციას აშუქებდნენ“, – აღნიშნულია დეზირის განცხადებაში.

„ვგმობ ძალადობის ყველა შემთხვევას და გუშინ თბილისში მიმდინარე დემონსტრაციაზე მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმას, როგორც სერიოზულ დაბრკოლებას პლურალიზმისა და მედიის თავისუფლებისთვის. მედიას აქვს უფლება, გააშუქოს საჯარო ღონისძიებები და სამართალდამცველებმა პატივი უნდა სცენ ჟურნალისტების უფლებას, თავისუფლად და უსაფრთხოდ გააშუქონ მოვლენები ყოველთვის.

მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, ოპერატიულად გამოიძიოს ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებული ყველა ინციდენტი და ყველა დამნაშავემ პასუხი აგოს კანონის შესაბამისად. ასევე, მოვუწოდებ, მიიღონ სწრაფი ზომები, რომ აღიკვეთოს ყველა მსგავსი ინციდენტი“, – განაცხადა დეზირმა.