ეუთო-ს თავმჯდომარემ, ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა სერგეი ლავროვთან შეხვედრისას საქართველოს კონფლიქტზე ისაუბრა
ეუთო-ს თავმჯდომარემ, ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა სერგეი ლავროვთან შეხვედრისას საქართველოს კონფლიქტზე ისაუბრა

ეუთო-ს თავმჯდომარემ, ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა, ედი რამამ სერგეი ლავროვთან შეხვედრისას საქართველოს კონფლიქტზე ისაუბრა. როგორც ედი რამამ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ მოსკოვმა შეინარჩუნოს კონსტრუქციული მხარდაჭერა და ჩართულობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ერგნეთის შეხვედრებში.

ამის შესახებ ედი რამამ მოსკოვში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ჟენევის დისკუსიებისა და ერგნეთის შეხვედრებთან ერთად, ედი რამამ ასევე ეუთო-ს მინსკის ჯგუფში, დნესტრისპირეთის საკითხის დარეგულირებასა და მინსკის მოლაპარაკებებში რუსეთის მონაწილეობაზე გაამახვილა ყურადღება

„რუსეთი საკვანძო მონაწილეა შესაბამისი მოლაპარაკებების ფორმატებში. მე მჯერა, რომ მას შეუძლია, გამოიყენოს თავისი გავლენა, რათა ჩვენ მშვიდობასთან უფრო დაგვაახლოვოს“, – განაცხადა ედი რამამ.

ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა რუსეთს მოუწოდა, უფრო მეტი გააკეთოს ეუთო-ს სივრცეში კონფლიქტების დასარეგულირებლად.

მოლაპარაკებების მთავარი თემა ალბანეთის პრემიერსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის უკრაინა გახდა. ედი რამას თქმით, ის შოკირებული იყო, როდესაც მიმდინარე წლის იანვარში აღმოსავლეთ უკრაინაში, კონფლიქტის ზონაში ჩავიდა. მისი განცხადებით, ტირანა ყველაფერს გააკეთეს ამ კონფლიქტის დასარეგულირებლად.

როგორც რუსული მედია წერს, ედი რამასა და სერგეი ლავროვის მოლაპარაკებები, რომლებიც გეგმის მიხედით ერთ საათს უნდა გაგრძელებული, დაახლოებით ნახევარ საათში დასრულდა. მინისტრებმა აღიარეს, რომ ალბანეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები ძალიან დაბალ დონეზეა.

ლავროვმა აღნიშნა, რომ რუსეთსა და ალბანეთს შორის მატერიალური თანამშრომლობის განვითარების პოტენციალი არსებობს, თუმცა ამას ის ფაქტი აკავებს, რომ ალბანეთი ევროკავშირის სასანქციო პოლიტიკას შეუერთდა.

პასუხად, ედი რამამ განაცხადა, რომ ტირანას ევროკავშირთან და ნატო-სთან დაახლოება არა ვალდებულება, არამედ მისი ქვეყნის არჩევანია.

„ჩვენ ვამაყობთ, რომ ვართ ნატო-ს წევრი, ასევე აშშ-სა და ევროკავშირის მოკავშირე“, – განაცხადა ედი რამამ და აღნიშნა, რომ ანტირუსულ სანქციებთან დაკავშირებით მეგობრების პოზიციას მხარს უჭერს.