ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი – მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უკან გაიწვიოს საკონსტიტუციო სარჩელი და შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული დევნა

11:07, 22.10.2026

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა, გუდრუნ კუგლერმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, უკან გაიწვიოს სარჩელი ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ და დემოკრატიის გზას დაუბრუნდეს.

კუგლერის თქმით, პოლიტიკური კონკურენცია საარჩევნო ყუთთან და ღია დემოკრატიულ დებატებში უნდა გადაწყდეს და არა ხელისუფლების უმრავლესობის მიერ დაწყებული სასამართლო პროცესებით.

„პარტიების აკრძალვა გამონაკლისი ღონისძიებაა, რომელიც უმაღლეს დემოკრატიულ და სამართლებრივ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს. ეს პროცედურები განსაკუთრებით შემაშფოთებელია სასამართლოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული სერიოზული შეშფოთების ფონზე, მათ შორის ევროპარლამენტის გამოხატული შეშფოთების გათვალისწინებით“, – აღნიშნავს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი.

გუდრუნ კუგლერმა სოლიდარობა გამოუცხადა ქართველ ხალხს, რომელმაც, მისივე თქმით, არაერთხელ გამოთქვა თავისუფალი, დემოკრატიული და ევროპული მომავლის სურვილი.

„ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის რანგში მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უკან გაიწვიოს ეს სარჩელი და შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული დევნა. საქართველო არ უნდა გახდეს ქვეყანა, სადაც პოლიტიკური ოპოზიცია განიხილება მტრად, რომელიც უნდა აღმოიფხვრას, და არა დემოკრატიული ცხოვრების აუცილებელ ნაწილად“, – განაცხადა კუგლერმა.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა ასევე მოითხოვა ოპოზიციის ლიდერების და იმ პირთა გათავისუფლება, რომლებიც პოლიტიკური მოტივით დააკავეს ან დააპატიმრეს, და სამართლიანი სასამართლოს უფლების სრული პატივისცემა.

კუგლერის თქმით, საქართველომ ეუთო-ს მონაწილე სახელმწიფოსა და ევროპის საბჭოს წევრის ვალდებულებები უნდა შეასრულოს.

მსგავსი