ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე საქართველოს მიერ მომზადებულ რეზოლუციას დღეს განიხილავენ
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე საქართველოს მიერ მომზადებულ რეზოლუციას დღეს განიხილავენ

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სესიაზე საქართველოს მიერ მომზადებულ რეზოლუციას დღეს განიხილავენ. პოლიტიკის საქმეთა და უსაფრთხოების კომიტეტზე მიღებული მხარდაჭერის შემდეგ, ქართულ დელეგაციას იმედი აქვს, რომ რეზოლუციის პროექტს სახელწოდებით „10 წელი აგვისტოს ომის შემდეგ“ სესიაზეც დიდი მხარდაჭერა ექნება.

პროექტის მხარდაჭერის შემთხვევაში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა გმობს დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშილის მკვლელობას და მოუწოდებს რუსეთს, ხელი არ შეუშალოს გამოძიებას.

ტექსტში საუბარია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უხეში დარღვევებზე, იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების საჭიროებასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო მონიტორების დაშვების აუცილებლობაზე.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე განსახილველად წარმოდგენილი რეზოლუციის პროექტი ასევე მოიცავს საქართველოს მთავრობის ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ .

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, გიგი წერეთლის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ასამბლეა რეზოლუციას მიიღებს.

„ვფიქრობ, ძალიან კარგი პრეცედენტია, როდესაც კომიტეტში ასეთი მხარდაჭერაა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც იყო ცვლილების სურვილიც გარკვეული დელეგაციების მხრიდან, თუმცა როგორც შეიტანა საქართველოს დელეგაციამ პროექტი, ისევე იქნა მხარდაჭერილი. პლენარულ სესიაზე იქნება წინააღმდეგობა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს რეზოლუცია იქნება მიღებული, რადგან ეს არის მართალი, საფუძვლიანი და აბსოლუტურად შეესაბამება იმ რეალობას, რომელიც არის“, – აღნიშნა გიგი წერეთელმა.

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო ქაცარავას განცხადებით, რეზოლუციაში ძალიან მნიშვნელოვანი საკითხებია ასახული.

„როგორც ნახეთ, კომიტეტის უმრავლესობამ ჩვენს რეზოლუციას მხარი დაუჭირა, 45-მა დელეგატმა. რეალურად, ამ რეზოლუციის წინააღმდეგი იყო მხოლოდ რუსეთის ფედერაცია. შემდეგი ეტაპი არის პლენარულ სესიაზე რეზოლუციის განხილვა და მე მოლოდინი მაქვს, რომ ჩვენი რეზოლუცია დიდი მხარდაჭერით დამტკიცდება ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ამ სესიაზე“, – დასძინა სოფო ქაცარავამ.