ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში სომხეთის დელეგაციის ხელმძღვანელი - სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზაციის პროცესი მალე დადებით შედეგებს გამოიღებს
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში სომხეთის დელეგაციის ხელმძღვანელი - სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზაციის პროცესი მალე დადებით შედეგებს გამოიღებს

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში სომხეთის ეროვნული კრების დელეგაციის ხელმძღვანელი და საგარეო ურთიერთობათა მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარე სარგის ხანდანიანი აცხადებს, რომ სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი მალე დადებით შედეგებს გამოიღებს.

ამის შესახებ ხანდანიანმა სტამბოლში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 23-ე საშემოდგომო სესიაზე – „პერსპექტივების დამაკავშირებელი ხიდები: დიალოგის, მედიაციისა და ნდობის გაძლიერება გაურკვევლობის ეპოქაში“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„თურქეთში ყოფნისას, არ შემიძლია, არ გამოვხატო ჩემი ოპტიმიზმი, რომ სომხეთსა და თურქეთს შორის ნორმალიზაციის პროცესი მალე დადებით შედეგებს გამოიღებს. ამჟამად მიმდინარე კონსტრუქციული და აქტიური პოლიტიკური დიალოგი იმედს გვაძლევს, რომ ის მალე გადაიზრდება ჩვენი ურთიერთობების ინსტიტუციონალიზაციაში, საზღვრების გახსნასა და უფრო ფართო თანამშრომლობაში“, – განაცხადა სარგის ხანდანიანმა.

სიტყვით გამოსვლისას ხანდანიანმა სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ურთიერთობებში მიღწეულ პროგრესსა და მშვიდობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

„ბოლო რამდენიმე შეხვედრის დროს ჩვენ გამოვთქვით იმედი და ფრთხილი ოპტიმიზმი, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობა ახლოს იყო. დღეს გულწრფელად მოხარული ვარ და პატივი მაქვს, განვაცხადო, ფაქტობრივად, პირველად ამ საპარლამენტო ასამბლეის ისტორიაში, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობა დამყარდა. რეგიონული კომუნიკაციების გახსნასთან დაკავშირებული ჩვენი დისკუსიები ახლა ნამდვილად პრაქტიკული გახდა, სომხეთის „მშვიდობის გზაჯვარედინის“ ინიციატივის ფარგლებში TRIPP-ის მარშრუტის გახსნის მიმართულებით კონკრეტული პროგრესით. ეს მარშრუტი წაადგება არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიის რეგიონს, არამედ გლობალურ მნიშვნელობასაც მოიპოვებს ცენტრალური აზიის ევროპასთან დაკავშირების გზით“, – განაცხადა სარგის ხანდანიანმა.