ეუთო-ს პრესრელიზი - ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში ვიზიტისას კონფლიქტის შედეგად დაზარალებულების მხარდაჭერის გაგრძელების აუცილებლობას გაუსვა ხაზი
ეუთო-ს პრესრელიზი - ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში ვიზიტისას კონფლიქტის შედეგად დაზარალებულების მხარდაჭერის გაგრძელების აუცილებლობას გაუსვა ხაზი

სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში ვიზიტისას კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის მხარდაჭერის გაგრძელების აუცილებლობას გაუსვა ხაზი. ამის შესახებ ნათქვამია პრესრელიზში, რომელშიც კარი ჰენრიკსენის ორდღიანი ვიზიტია შეფასებული.

როგორც ცნობილია, საქართველოში ყოფნის დროს, ჰენრიკსენი შეხვდა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელ ნიკოლოზ სამხარაძესა და ნინო იობაშვილს, ასევე თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიას და მის მოადგილე ვლადიმერ ჩაჩიბაიას.

„ვიზიტი ფოკუსირებული იყო კონფლიქტის შედეგად იძულებით გადაადგილებული ადამიანების მდგომარეობაზე. ჰენრიკსენი ეწვია წეროვანსა და თბილისში იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებას და შეხვდა დევნილებს. გაესაუბრა მათ მთავრობის ძალისხმევაზე, რომელიც მიმართულია მათი პირობების გაუმჯობესებისკენ“, – ნათქვამია პრესრელიზში.

ამავე პრესრელიზში აღნიშნულია, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონში ეუთო-ს საპარალამენტო ასამბლეის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოს პარლამენტში გამართული შეხვედრების დროს ყურადღება გაამახვილა რეგიონულ უსაფრთხოებასა და უკრაინის ომის გავლენაზე სამხრეთ კავკასიის რეგიონში.

ის ასევე ეწვია ხურვალეთს, ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე. სადად საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა მას მიაწოდა ინფორმაცია „ბორდერიზაციის“ პროცესის შესახებ და თუ როგორ აისახება ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ადამიანებზე.

ვიზიტის ფარგლებში ჰენრიკსენი ასევე შეხვდა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, თეა ახვლედიანს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურს რუსლან აბაშიძეს.