ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე საქართველოს დელეგაციამ „ვარშავის ადამიანური განზომილების კონფერენციასთან“ დაკავშირებით განცხადება გააკეთა

22:54, 15.10.2026

ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე საქართველოს დელეგაციამ განცხადება გააკეთა „ვარშავის ადამიანური განზომილების კონფერენციასთან“ დაკავშირებით, რომელიც მიმდინარე წლის 5-15 ოქტომბერს ჩატარდა.

საქართველოს წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა აღნიშნული კონფერენციის მნიშვნელობას, რომელიც ეუთო-ს ფარგლებში ერთ-ერთ წამყვან პლატფორმას წარმოადგენს მონაწილე სახელმწიფოებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის დიალოგისთვის. ამასთან, ყურადღება გამახვილდა კონფერენციის მსვლელობისას, განცხადებების დროს არაერთგზის განხორციელებულ ხელის შემშლელ ქმედებებზე, რომლებმაც ზიანი მიაყენა კონსტრუქციული დიალოგის სულისკვეთებას და შეზღუდა მონაწილეთა შესაძლებლობა, თავისუფლად, დაბრკოლებების გარეშე გამოეხატათ საკუთარი მოსაზრებები.

„სამწუხაროდ, კონფერენციის მსვლელობისას, განცხადებების დროს არაერთგზის განხორციელებულმა ხელის შემშლელმა ქმედებებმა ზიანი მიაყენა კონსტრუქციული დიალოგის სულისკვეთებას და შეზღუდა მონაწილეთა შესაძლებლობა, თავისუფლად, დაბრკოლებების გარეშე გამოეხატათ საკუთარი მოსაზრებები. მსგავსი ქცევა ძირს უთხრის ურთიერთპატივისცემასა და დადგენილი პროცედურების დაცვას, რაც არსებითია მრავალმხრივი თანამშრომლობის ეფექტიანად წარმართვისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს დელეგაციის განცხადებაში ხაზი გაესვა ეუთო-ს პლატფორმების სანდოობას, რომელიც ეფუძნება დადგენილი პროცედურული წესებისა და ქცევის კოდექსის პატივისცემას, ასევე აღინიშნა, რომ კანონის უზენაესობა, დემოკრატიული მმართველობა, ადამიანის უფლებათა დაცვა და გამოხატვის თავისუფლება ეუთო-ს „ადამიანური განზომილების“ ფუნდამენტს წარმოადგენს.

„გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიის ქვაკუთხედია და იგი თანაბრად უნდა იყოს დაცული ყველასთვის, მათ შორის არჩეული წარმომადგენლებისა და ოფიციალური პირებისთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებაში კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს ერთგულება ეუთო-ს ფარგლებში კონსტრუქციული თანამშრომლობისა და მიუკერძოებლობასა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული დიალოგის მიმართ.

„საქართველო რჩება ერთგული ეუთო-ს ფარგლებში კეთილსინდისიერი თანამშრომლობისა და ორგანიზაციაში კონსტრუქციული საქმიანობის. ჩვენ გავაგრძელებთ იმგვარი გარემოს მხარდაჭერას, რომელშიც დიალოგი არსებითია, მონაწილეობა – ინკლუზიური, ხოლო სამართლიანობის, მიუკერძოებლობისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპებს ყველა მონაწილე სახელმწიფო და მხარე თანაბრად იცავს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი