ეუთო-ს მუდმივ საბჭოზე ლაშა დარსალიამ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტსა და ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა
ეუთო-ს მუდმივ საბჭოზე ლაშა დარსალიამ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტსა და ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ვენაში, ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოვიდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სხდომაზე განხილვის მთავარ თემას წარმოადგენდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობა და საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარების მიმართულებით.

ლაშა დარსალიამ ეუთო-ს მონაწილე ქვეყნებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე. მან ყურადღება გაამახვილა უკანონო მილიტარიზაციის პროცესსა და სამხედრო წვრთნებზე, რაც საფრთხეს წარმოადგენს არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთლიანად ეუთო-ს რეგიონისთვის. სიტყვით გამოსვლისას მინისტრის მოადგილემ აქცენტი გააკეთა აგრეთვე რუსეთის მიერ ჰიბრიდული ინსტრუმენტების გამოყენებაზე.

მინისტრის მოადგილემ სხდომაზე დამსწრე დელეგაციებთან ვრცლად ისაუბრა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის დისკრიმინაციაზე. ამ კონტექსტში მან ყურადღება გაამახვილა მშობლიურ ენაზე, განათლების მიღების აკრძალვაზე, ადამიანების გატაცებებზე, უკანონო დაკავებებსა და თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვებზე. აღინიშნა საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვის მძიმე შედეგები კონფლიქტით დაზარალებული ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ხაზი გაესვა აგრეთვე აფხაზეთის რეგიონში ე.წ. გადასასვლელი პუნქტების ჩაკეტვის ფაქტს.

ლაშა დარსალიამ აღნიშნა, რომ ეთნიკური წმენდის შედეგად, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან გამოძევებულ ასობით ათას იძულებით გადაადგილებულ პირსა და ლტოლვილს კვლავაც არ ეძლევათ თავიანთ სახლებში უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნების საშუალება.

მინისტრის მოადგილემ ისაუბრა გასულ წლებში ქართველი დევნილების, დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობებზე და მიმდინარე წელს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის, ირაკლი კვარაცხელიას რუსეთის სამხედრო ბაზაზე უკანონო პატიმრობაში გარდაცვალების ფაქტზე. ლაშა დარსალიამ ხაზი გაუსვა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე“ საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის აუცილებლობას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევების პრევენციის მიზნით.

ლაშა დარსალია შეეხო რუსეთსა და საქართველოს შორის ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს და ხაზი გაუსვა გამწვავებული ვითარების დეესკალაციის აუცილებლობას. ამ კონტექსტში ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, საქართველოს მთავრობის მზაობა, დიალოგის პოლიტიკა გააგრძელოს რუსეთის ფედერაციასთან, ვითარების დეესკალაციის მიზნით.

მინისტრის მოადგილემ ვრცლად ისაუბრა საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკაზე, რომელიც მიმართულია, ერთის მხრივ, ქვეყნის დეოკუპაციის, ხოლო მეორეს მხრივ, ომის შედეგად გაყოფილ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენისა და შერიგებისკენ. ლაშა დარსალიამ აღნიშნა, რომ რუსეთისგან განსხვავებით, ქართულმა მხარემ სრულად შეასრულა ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და არაერთხელ დაადასტურა ძალის არგამოყენების ვალდებულების მიმართ საქართველოს ერთგულება.

მინისტრის მოადგილემ ისაუბრა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობის თაობაზე და ხაზი გაუსვა ამ უმნიშვნელოვანესი ფორმატის ეფექტიანად გამოყენების აუცილებლობას რუსეთ-საქართველოს კონფლიქტიდან მომდინარე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული გამოწვევების მოგვარებისთვის. მან აქცენტი გააკეთა ასევე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმებზე და აღნიშნა გალის შეხვედრების აღდგენის აუცილებლობა.

ლაშა დარსალიამ კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთის ფედერაციას საქართველოს ტერიტორიიდან ჯარების გაყვანისაკენ და ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის ქმედითი და აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გამოსვლის საპასუხოდ, საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს შემდეგმა დელეგაციებმა: თურქეთი, შვეიცარია, ნორვეგია, კანადა, აშშ, სომხეთი, უკრაინა და ევროკავშირი. ევროკავშირის სახელით გაკეთებულ განცხადებას მიუერთდა ისლანდია, მოლდოვა, ლიხტენშტეინი, ნორვეგია და ჩრდილოეთ მაკედონია.

გამომსვლელებმა გამოხატეს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მათ ხაზი გაუსვეს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების აუცილებლობას საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაყრდნობით და მხარდაჭერა გამოუცხადეს საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკას.

აშშ-ის დელეგაციამ აღნიშნა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ პასუხი უნდა მოსთხოვოს რუსეთს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაციაზე. ამერიკელმა დიპლომატმა მოუწოდა რუსულ მხარეს, შეასრულოს 2008 წლის შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის მცდელობა, დააშინოს საქართველო სანქციებითა და ემბარგოებით, წარმატებას ვერ მიაღწევს.

ევროკავშირის დელეგაციამ შეშფოთება გამოთქვა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობასთან დაკავშირებით და აღნიშნა დაწესებული შეზღუდვების მოხსნის აუცილებლობა.

ევროკავშირის განცხადებაში ხაზი გაესვა რუსეთის ფედერაციის მხრიდან ძალის არგამოყენების დადასტურებისა და შესრულების აუცილებლობას.

ევროკავშირის, აშშ-ისა და თურქეთის დელეგაციებმა ასევე დაადასტურეს მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.