ეუთო/ოდირი - საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ყველა პოლიტიკური პარტია უპირატესად პოზიტიური ან ნეიტრალური კუთხით წარმოაჩინა
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ყველა კანდიდატის გაშუქებისას ძირითადად დადებითი ან ნეიტრალური ტონი გამოიყენა (89 პროცენტი), თუმცა გაშუქების უმეტესობა „ქართულ ოცნებას“ დაეთმო (61 პროცენტი). უმეტესი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა უარი თქვეს საზოგადოებრივ მაუწყებელზე გასულ ერთადერთ დებატებში მონაწილეობაზე, რის შედეგადაც მმართველ პარტიებსა და მთავარ ოპოზიციურ პარტიებს შორის დებატები არ შედგა, – ამის შესახებ ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშშია ნათქვამი.
„ტელევიზიების უმრავლესობამ საინფორმაციო გამოშვებებში გაშუქების უმეტესობა „ქართულ ოცნებას“ დაუთმო. კომერციულ ტელევიზიებში გაშუქების ტონი ასახავდა მაუწყებლების საჯაროდ აღქმულ პარტიულ კუთვნილებას.
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, „ფორმულამ“, „იმედმა“, „მთავარმა არხმა“, „რუსთავი 2“-მადა „ტვ პირველმა“ საარჩევნო კამპანიის გაშუქების შესაბამისად 61, 56, 82, 52, 80 და 51 პროცენტი დაუთმეს „ქართულ ოცნებას“.
„ფორმულაზე“ მმართველი პარტიის კამპანიის 89 პროცენტი წარმოდგენილი იყო ნეგატიური ტონით მაშინ, როცა „კოალიცია ცვლილებებისთვის“ გაშუქების 88 პროცენტი იყო პოზიტიური. „იმედზე“ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ გაშუქების 89 პროცენტი იყო ნეგატიური მაშინ, როცა „ქართული ოცნების“ გაშუქების 80 პროცენტი იყო პოზიტიური.
„მთავარ არხზე“ „ქართული ოცნების“ გაშუქების 90 პროცენტი იყო ნეგატიური, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ გაშუქების 82 პროცენტი კი იყო პოზიტიური.
„რუსთავი 2“-ზე „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ გაშუქების 66 პროცენტი იყო ნეგატიური მაშინ, როცა „ქართული ოცნების“ გაშუქების 68 პროცენტი იყო პოზიტიური.
„ტვ პირველზე“ „ქართული ოცნების“ გაშუქების 91 პროცენტი იყო ნეგატიური, „კოალიცია ცვლილებებისთვის“, „ძლიერი საქართველოს“ და „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ გაშუქების შესაბამისად 50, 54 და 56 პროცენტი იყო პოზიტიური.
მთლიანობაში, ეუთოს/ოდირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მონიტორინგს დაქვემდებარებული კომერციული მედიასაშუალებები გამოყენებული იყო პოლიტიკური პროპაგანდისთვის, რაც ძირს უთხრიდა დამოუკიდებელი საინფორმაციო გამოშვების წარმოებას და აძლიერებდა გამხლეჩ პოლიტიკურ რიტორიკას. პარტიული პროგრამების მიუკერძოებელი ანალიზის ნაკლებობამ და მაღალი თანამდებობის პოლიტიკური პირებისა და წამყვანი პარტიების მიერ დებატებზე უარის თქმამ შეზღუდა ამომრჩეველთა შესაძლებლობა, გააკეთონ ინფორმირებული არჩევანი“, – ნათქვამია ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშში.