ეუთო/ოდირი - საქართველოში მმართველი პარტია აკეთებდა განცხადებებს მთავარი ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზე, ხოლო პრეზიდენტი პოტენციურად ნეიტრალური არბიტრის მანდატს გასცდა
საქართველოში მმართველი პარტია აკეთებდა განცხადებებს მთავარი ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზე, ხოლო პრეზიდენტი პოტენციურად ნეიტრალური არბიტრის მანდატს გასცდა, – ამის შესახებ აღნიშნულია 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ ეუთო/ოდირის ანგარიშში.
ანგარიშში ნათქვამია, რომ კანდიდატები იყენებდნენ კამპანიის ტრადიციულ მეთოდებს და ონლაინ კამპანიას, თუმცა აქტივობა შედარებით მოკრძალებული დარჩა კამპანიის მთელი პერიოდის განმავლობაში.
„პოლიტიკური პარტიების უმრავლესობამ თავიანთ პლატფორმებში სოციალურ-ეკონომიკური საკითხები შეიტანა, მაგრამ წინასაარჩევნო მესიჯებში გეოპოლიტიკა დომინირებდა.
მმართველმა პარტიამ ღიად გამოხატა განზრახვა, საკონსტიტუციო სასამართლოში შეეტანა სარჩელი „ნაციონალური მოძრაობის“ გაუქმების მოთხოვნით, მის პოლიტიკურ პოზიციას დესტრუქციულად მოიხსენიებდა და აკეთებდა საჯარო განცხადებებს მთავარი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ, რაც ეწინააღმდეგება ეუთო-ს ვალდებულებებში ასახულ დემოკრატიული პლურალიზმის პრინციპს.
პრეზიდენტი ასევე აქტიურ მონაწილეობას იღებდა კამპანიაში, საჯაროდ მართავდა კონსულტაციებს ოპოზიციასთან წინასაარჩევნო კოალიციებისა და მთავრობის შემადგენლობის შესახებ, რითაც პოტენციურად მოქმედებდა სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის ნეიტრალური არბიტრის მანდატის ფარგლებს გარეთ. ამასთან, მმართველი პარტია აკრიტიკებდა სხვადასხვა სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს და მათ საქმიანობას ოპოზიციის მხარდასაჭერ აქტიურ კამპანიად აფასებდა“, – აღნიშნულია ანგარიშში.