ეუთო/ოდირ-ის ადამიანის უფლებათა ოფისი – საქართველოში მიღებულ ახალი კანონმდებლობა მნიშვნელოვნად შეზღუდავს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ საქმიანობას
ეუთო/ოდირი ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს ოთხ მარტს მიღებული ახალი საკანონმდებლო ცვლილებების გამო, რომლებიც სანქციებს უწესებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და უცხოური დაფინანსების სხვა მიმღებებს, – ამის შესახებ ეუთო/ოდირ-ის ადამიანის უფლებათა ოფისის განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადების თანახმად, საქართველოში მიღებულ ახალ კანონმდებლობას უარყოფითი გავლენა ექნება გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებაზე, მნიშვნელოვნად შეზღუდავს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ საქმიანობას.
„საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებისა და დემოკრატიული და ადამიანის უფლებების გარემოს მდგომარეობის გაუარესების ფონზე, ეუთო/ოდირი ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს ოთხ მარტს მიღებული ახალი საკანონმდებლო ცვლილებების გამო, რომლებიც სანქციებს უწესებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და უცხოური დაფინანსების სხვა მიმღებებს, უკრძალავს მათ პოლიტიკურ პარტიებში გაწევრიანებასა და საჯარო თანამდებობების დაკავების მიზნით კენჭისყრას, კიდევ უფრო ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოებისთვის საერთაშორისო ფინანსურ დახმარებას და კრიმინალიზებას ახდენს იმ აქტივობებს, რომლებიც ხელისუფლების „დელეგიტიმაციად“ მიიჩნევა
“ახალ კანონმდებლობას უარყოფითი გავლენა ექნება გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლების უფლებებზე და მნიშვნელოვნად შეზღუდავს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ საქმიანობას. კანონის ფართო მოქმედების მასშტაბმა შესაძლოა, გავლენა იქონიოს არა მხოლოდ დამოუკიდებელ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და ადამიანის უფლებათა დამცველებზე, არამედ ექსპერტებზე, კონსულტანტებსა და მომსახურების მიმწოდებლებზეც“, – ნათქვამია განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ნებისმიერი სახის უცხოური დაფინანსების კრიმინალიზაცია მთავრობის წინასწარი ნებართვის გარეშე, რაც ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, არაპროპორციულ ზომას წარმოადგენს და ძირს გამოუთხრის მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მუშაობას.
„მკაცრი სისხლისსამართლებრივი სასჯელები, ისევე როგორც ფართოდ და ბუნდოვნად განსაზღვრული ტერმინები, როგორიცაა „მასობრივი დაუმორჩილებლობა“ ან „ექსტრემიზმი“, რომლებიც შესაძლოა, სისხლის სამართლებრივი დევნის საფუძველი გახდეს, არ შეესაბამება კანონის უზენაესობის სტანდარტებს სამართლებრივი პროგრნოზირებადობის შესახებ და თვითნებურად აღსრულების რისკებს ქმნის. ნებისმიერი სახის უცხოური დაფინანსების კრიმინალიზაცია მთავრობის წინასწარი ნებართვის გარეშე, რაც ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, არაპროპორციულ ზომას წარმოადგენს, რომელიც ძირს გამოუთხრის მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მუშაობას.
მანამდეც, ეუთო/ოდირმა გააფრთხილა, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობის მარეგულირებელ კანონმდებლობას შესაძლოა, მნიშვნელოვნად შეეზღუდა მათი საქმიანობა. 2025 წლის მარტში, ოფისმა ასევე გამოხატა შეშფოთება შეკრებებისა და სხვა ფორმის საჯარო გამოსვლების მარეგულირებელი ნორმების ცვლილებებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ გათვალისწინებული სანქციები გადამეტებულად მკაცრია და შეუთავსებელია საერთაშორისო ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან. ეუთო-ს ყველა წევრმა სახელმწიფომ აღიარა სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობა აყვავებული და წარმატებული დემოკრატიისთვის. ისინი ასევე შეთანხმდნენ პოლიტიკური პარტიების შექმნის უფლების პატივისცემასა და „გარანტიების უზრუნველყოფაზე, რომლებიც მათ საშუალებას მისცემს ერთმანეთს თანაბარ პირობებში გაუწიონ კონკურენცია”
ოფისი კვლავ გამოხატავს მზადყოფნას, დაუჭიროს მხარი საქართველოს, რათა კანონმდებლობა შეესაბამებოდეს საერთაშორისო დემოკრატიულ სტანდარტებს და ყველა მოქალაქის ადამიანის უფლებები სათანადოდ იყოს დაცული“, – ნათქვამია ეუთო/ოდირის ადამიანის უფლებათა ოფისის განცხადებაში.