EURONEWS-ი გუდაურის მეტეოროლოგიურ მონაცემებს მაყურებელს ყოველდღიურად აწვდის
EURONEWS-ი გუდაურის მეტეოროლოგიურ მონაცემებს მაყურებელს ყოველდღიურად აწვდის

ევროპის ყველაზე ყურებადი არხი EURONEWS-ი ზამთრის კურორტების ამინდის პროგნოზის სპეციალურ ვიდეორგოლში, ევროპის სხვა სამთო კურორტებთან ერთად, საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტ გუდაურის შესახებ ინფორმაციას გადმოსცემს.

როგორც მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ონოფრიშვილმა აღნიშნა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანია“ ევროპის ყველაზე ყურებად საინფორმაციო არხს, EURONEWS-ს დაუკავშირდა და საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტ გუდაურის შესახებ ზამთრის კურორტების ამინდის პროგნოზის სპეციალურ ვიდეორგოლში ინფორმაციის განთავსება შესთავაზა.

დეტალების დაზუსტების შემდეგ, EURONEWS-მა გუდაურის შესახებ ინფორმაცია სამთო-სათხილამურო კურორტების ამინდის პროგნოზის გრაფიკულ ვიდეოში სრულიად უფასოდ განათავსა, რის შემდეგაც, არხი გუდაურის ჰაერის ტემპერატურას, იქ არსებული თოვლის სიმაღლისა და სათხილამურო გზების შესახებ ინფორმაციას მაყურებელს ყოველდღიურ რეჟიმში აწვდის.

თავად EURONEWS -ს კი, მეტეოროლოგიურ მონაცემებს „მთის კურორტების განვითარების კომპანია“ აწვდის. EURONEWS-ი ევროპაში ყველაზე ყურებადი საინფორმაციო არხია, რომლის მეშვეობითაც ინფორმაციის მიღება 24 საათის განმავლობაში 12 ენაზეა შესაძლებელი.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.