EUROCONTROL – 9 აგვისტოს საქართველოს აეროპორტებში ფრენების ისტორიული რეკორდი, 306 ჩამოფრენა და გაფრენა დაფიქსირდა
9 აგვისტოს საქართველოს აეროპორტებში ერთ დღეში 306 ჩამოფრენა და გაფრენა დაფიქსირდა, რაც ახალი ისტორიული მაქსიმუმია. ამის შესახებ ინფორმაცია ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციამ, EUROCONTROL-მა გაავრცელა.
ახალი მაჩვენებელი 4.8 პროცენტით აღემატება წინა რეკორდს, რომელიც ამავე წლის 26 ივლისს დაფიქსირდა და 292 ჩამოფრენა და გაფრენა შეადგინა. EUROCONTROL-ის მონაცემებით, გასულ კვირას ევროპის საჰაერო ქსელის მასშტაბით ექვსი ახალი რეკორდი დაფიქსირდა, მათ შორის ერთ-ერთი – საქართველოს აეროპორტებში.
საქართველოს საჰაერო სივრცეში საჰაერო მოძრაობის მზარდი ნაკადის უსაფრთხო, მოწესრიგებულ და ეფექტიან მართვას შპს „საქაერონავიგაციის“ მეთვალყურეობის სამსახური უზრუნველყოფს. სამსახური საჰაერო მოძრაობის მართვას 24 საათის განმავლობაში, წლის ნებისმიერ დღეს ახორციელებს.