Euroactiv-ი – ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტს მნიშვნელოვნად ამსუბუქებს
ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტს მნიშვნელოვნად ამსუბუქებს. როგორც Euroactiv-ის სტატიაშია აღნიშნული, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები ცდილობენ, მიაღწიონ შეთანხმებას ევროკომისიის მიერ წარდგენილ სანქციების მორიგ პაკეტთან დაკავშირებით, რომლიდანაც უკვე ამოღებულია მნიშვნელოვანი ელემენტები.
გამოცემის ცნობით, მიზეზი ისაა, რომ ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა ცდილობს, დაიცვას თავისი ქვეყნის ეკონომიკური და სტრატეგიული ინტერესები. კერძოდ, ევროკომისიის მიერ წარდგენილ დოკუმენტში შეთავაზებულია რომ ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალოთ რუსეთის მოქმედ და ყოფილ სამხედროებს, რომელთაც უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობა აქვთ მიღებული.
როგორც Euroactiv-ი წერს, ამ ინიციატივის ავტორები ესტონეთი და ლიეტუვა არიან, თუმცა, ის წინააღმდეგობას წააწყდა საფრანგეთის, იტალიისა და ესპანეთის მხრიდან, რომელთა ეკონომიკებიც მნიშვნელოვან სარგებელს იღებენ რუსი ტურისტებისგან. გამოცემის ცნობით, აღნიშნული ქვეყნები მოითხოვენ, რომ სავიზო შეზღუდვები შეეხოს მხოლოდ მოკლევადიან ვიზებს და მხოლოდ აქტიურ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეებს, ვიზის გაცემაზე საბოლოო გადაწყვეტილება კი, კონკრეტული ქვეყნის ხელისუფლების პრეროგატივა გახდეს.
კიდევ ერთი სფერო – რუსეთის ნავთობის ფასებზე ზედა ზღვრის განსაზღვრაა – ელჩები მსჯელობენ 44 დოლარზე დაფიქსირდეს ბარელი რუსული ნავთობის ფასის ღირებულება, რათა გაგრძელდეს ზეწოლა რუსეთის ბიუჯეტზე, ამ შეზღუდვის გარეშე, ლიმიტი ავტომატურად 60 დოლარზე გადავა. გადაზიდვებზე დამოკიდებული ქვეყნები, როგორიცაა საბერძნეთი, ითხოვენ , რომ ფასების გაყინვა მოხდეს სამი თვით, ნაცვლად, აქამდე არსებული ექვსი თვისა. ამასთან, ლიმიტის დაწესებაზე მხარდაჭერის სანაცვლოდ, საბერძნეთი ასევე მოითხოვს დათმობებს, რომელიც მას საშუალებას მისცემს, განაგრძოს რუსული გათხევადებული აირის მიწოდება ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებისთვის.
შეზღუდვები შემსუბუქდება ზღვის პროდუქტებზეც, რამდენადაც ამ გამონაკლისებს მოითხოვენ გერმანია, პოლონეთი და პორტუგალია.
ამასთან, ბულგარეთი ეწინააღმდეგება ინდივიდუალური სანქციების დაწესებას რუსეთის პატრიარქ კირილისთვის და Euroactiv-ის ცნობით, როგორც ჩანს, სასანქციო სიაში არც ის მოხვდება.
ელჩების დონეზე 21-ე პაკეტის ტექსტზე შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, დოკუმენტი 13 ივლისს უკვე ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა უნდა დაამტკიცონ.