EUMM-ის ხელმძღვანელი - ერგნეთის ჩაშლილი შეხვედრის უმოკლეს ვადებში აღსადგენად ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ჯგუფიც მუშაობს
EUMM-ის ხელმძღვანელი - ერგნეთის ჩაშლილი შეხვედრის უმოკლეს ვადებში აღსადგენად ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ჯგუფიც მუშაობს

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის ჩაშლილ შეხვედრასთან დაკავშირებით პირველ არხთან ექსკლუზიური კომენტარი გააკეთა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა.

ერიკ ჰოგის თქმით, მსგავსი შეფერხებები დისკომფორტს ქმნის მოლაპარაკების ყველა მონაწილე მხარისთვის, შესაბამისად, იგი მოუწოდებს მხარეებს, დროულად დაუბრუნდნენ მოლაპარაკებათა მაგიდას და გააგრძელონ მუშაობა. ჰოგი აღნიშნავს, რომ IPRM-ის 89-ე ჩაშლილი შეხვედრის უმოკლეს ვადებში აღსადგენად მონაწილეებთან მუშაობას განაგრძობს თავად ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ჯგუფიც.

„შეხვედრის დასაწყისში, რა თქმა უნდა, განიხილება დღის წესრიგიც, რის ირგვლივაც აზრთა სხვადასხვაობა შეიქმნა. საბოლოოდ კი ამ გუნდის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ვერ მიიღებდა დღის წესრიგს იმ სახით, როგორითაც იყო წარმოდგენილი და მიიღო გადაწყვეტილება, დაეტოვებინათ შეხვედრა. მსგავსი შემთხვევები ვფიქრობ, შემაშფოთებელია ყველა მონაწილისთვის.

ჩემი სურვილია, ეს ადამიანები დარჩნენ შეხვედრაზე და განიხილონ საკითხები, ვიდრე დატოვონ შეხვედრა, რადგან არ მოსწონთ დღის წესრიგი თუ სხვისი პოზიცია. იმედი გვაქვს, უმოკლეს ვადებში შევძლებთ გაგრძელებას. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, ყველა მონაწილე მხარემ და მისმა ხელმძღვანელმა დააფიქსირა, რომ ამ ფორმატის იდეა მათთვის გასაგებია, ახლა საკითხი იმაში მდგომარეობს, რომ მოხდეს დღის წესრიგზე შეთანხმება და კარვებში უმოკლეს ვადებში დაბრუნება”, – აღნიშნა ერიკ ჰოგმა.

ჰოგი მიიჩნევს, რომ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრა ერთადერთი ხელშესახები მექანიზმია, რომელიც ადგილობრივებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტას ახერხებს.

„აქტიურად ვთანამშრომლობთ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან, რადგან ვფიქრობთ, ეს ცენტრალური ფორმატია სტაბილურობისთვის, ან ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების გადასაწყვეტად, როგორიცაა მაგალითად საირიგაციო სისტემა თუ მიწებზე წვდომა ფერმერებისთვის, იქნება ეს რელიგიური საკითხი თუ ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან გატაცებულების უკან დაბრუნებაზე მუშაობა”,-განმარტა ჰოგმა პირველ არხთან საუბრისას.

ამ დროისთვის ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარედ EUMM-ი ერთადერთი საერთაშორისო მისიაა. მისი დამკვირვებლები საქართველოში 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ჩამოვიდნენ.