ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის პროფესიული და უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის მხარდაჭერის თემაზე შეხვედრა გაიმართა
ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის პროფესიული და უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის მხარდაჭერის თემაზე შეხვედრა გაიმართა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის პროფესიული და უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის მხარდაჭერის თემაზე პანელური დისკუსია გაიმართა. ღონისძიებაზე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის პროფესიული და უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობაზე საინფორმაციო კამპანიის შედეგები წარადგინეს და მონაწილე ახალგაზრდები დააჯილდოვეს.

დისკუსიაში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ლია გიგაურმა მიიღო მონაწილეობა.

სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ლია გიგაურმა განაცხადა, რომ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ახალგაზრდები ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებს სტუმრობდნენ, სადაც ადგილობრივებს სახელმწიფო საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ დეტალურ ინფორმაციას აწვდიდნენ. მისი თქმით, განათლების ხელმისაწვდომობის თაობაზე ჩატარებული კამპანიის შედეგად მნიშვნელოვნად გაიზარდა იმ ახალგაზრდების რიცხვი, რომლებსაც განათლების მიღების სურვილი გაუჩნდათ. ლია გიგაურის განცხადებითვე, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებისთვის პროფესიული და უმაღლესი განათლების მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება.

„დღეს ვაჯამებთ პროექტს, რომელიც სახელმწიფო მინისტრის აპარატმა, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტომ და ეროვნებათაშორისი ურთიერთობების ცენტრმა ერთობლივად განახორციელა ეთნიკური უმცირესობების, ახალგაზრდების ხელშეწყობის მიზნით, როგორც პროფესიული, ასევე უმაღლესი განათლების მიმართულებით. ეს არის უნიკალური პროექტი, რომლის მიზანი იყო ჩვენს პარტნიორებთან ერთად ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ ახალგაზრდებს, რომლებიც ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში ცხოვრობენ, მიეტანათ ინფორმაცია განათლების შესაძლებლობის შესახებ, როგორც პროფესიული, ასევე უმაღლესი განათლების მიმართულებით. მათ საზოგადოებრივ საწყისებზე მნიშვნელოვანი ფუნქცია შეასრულეს, ერთი დღე არ გამოუტოვებიათ, სოფლებში ხვდებოდნენ მშობლებს, ახალგაზრდებს, ბავშვებს, ასევე საზოგადოების წარმომადგენლებს, რომლებსაც შეუძლიათ, გავლენა მოახდინონ იმ სოფლებში ახალგაზრდების გადაწყვეტილებებზე.

ისინი აწვდიდნენ ინფორმაციას, თუ რა მნიშვნელოვანია პირველ რიგში ამ ადამიანებისთვის განათლების მიღება. ასევე, ახალგაზრდებს აწვდიდნენ ინფორმაციას, რა შესაძლებლობები აქვთ მათ ჩვენს ქვეყანაში. პროექტი 2018 წელს დაიწყო. პირველ წელს ახალგაზრდებმა სამიათასზე მეტი ბენეფიციარი დაფარეს, მეორე წელს იმის გამო, რომ „კოვიდ“ პანდემიის პირობებში ვიმყოფებოდით, მხოლოდ ორიათასამდე ბენეფიციარის მონახულება მოასწრეს, მაგრამ შედეგი მართლაც საოცარი გვაქვს. თითქმის 1.6-ჯერ მოიმატა იმ ახალგაზრდების რაოდენობამ, რომელთაც პროფესიულ სასწავლებლებს მიაკითხეს. წინა წელთან შედარებით ორჯერ გაიზარდა იმ ახალგაზრდების რაოდენობა, რომლებიც „1+4“ პროგრამაზე დარეგისტრირდნენ“, – განაცხადა ლია გიგაურმა.

დატოვე კომენტარი