70-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია სახალხო დამცველს მიმართავს, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად იზაბელა ოსიპოვას კანდიდატურას დაუჭიროს მხარი
70-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია სახალხო დამცველს მიმართავს, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად იზაბელა ოსიპოვას კანდიდატურას დაუჭიროს მხარი

ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი 70-მდე ორგანიზაცია მიმართავს სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას, გაითვალისწინოს ეთნიკური უმცირესობების ორგანიზაციების თხოვნა და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს იზაბელა ოსიპოვა და მხარი დაუჭიროს მას.

ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე მიმართვა გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ უფლებადამცველსა და ჟურნალისტ იზაბელა ოსიპოვას ყველა ეთნოსის წარმომადგენელში აქვს დიდი ნდობა, არის დამოუკიდებელი და ყველასთვის მისაღები კანდიდატი.

70-მდე არასამთავრობო ორგანაზიციის სახალხო დამცველისადმი მიმართავს უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოს განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესისა და ეთნოსთაშორისი ურთიერთობის ქვეყნისა და საზოგადოებისთვის სასარგებლო მიმართულებით წარმართვა. ამ სფეროში არსებული სირთულეების დასაძლევად ბოლო ათწლეულებში მრავალი ნაბიჯი გადაიდგა, მაგრამ ამის მიუხედავად აქტუალურია მრავალი მნიშვნელოვანი გამოწვევა. კერძოდ კვლავ მოუგვარებელია ეთნიკური უმცირესობების პირდაპირი და სრულფასოვანი მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობაში.

სრულფასოვანი სამოქალაქო ინტეგრაციის საქმეში უდიდესი წვლილის შეტანა შეუძლია საზოგადოებრივ მაუწყებელს. საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების თემატიკის შესაბამის დონეზე გაშუქება საჭიროებს ინსტიტუციონალურ გამყარებას და კვალიფიციურ კადრებს. გასათვალისწინებელია, რომ ეთნიკური უმცირესობების უშუალო მონაწილეობისა და შესაბამისი მედიაპოლიტიკის გარეშე შეუძლებელია ეთნიკური უმცირესობების უფლებების სრულფასოვანი დაცვის, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეთნოსთაშორის ურთიერთობის საკითხში წარმატების მიღწევა.

ეთნიკური უმცირესობების ორგანიზაციებმა, ბოლო წლებში, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად არაერთხელ დავასახელეთ უფლებადამცველი და ჟურნალისტი იზაბელა ოსიპოვა, რომელსაც ყველა ეთნოსის წარმომადგენელში აქვს დიდი ნდობა, არის დამოუკიდებელი და ყველასთვის მისაღები კანდიდატი.

საქართველოს სახალხო დამცველი არის ის ორგანო, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში იცავს და ზედამხედველობს ადამიანის უფლებების დაცვას, რაც ბუნებრივად გულისხმობს ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვასა და თანაბარ მონაწილეობას. საქართველოს სახალხო დამცველი ჩვენ მიგვაჩნია ეთნიკური უმცირესობების ქომაგად და ამის გამო მისი განსაკუთრებული იმედი გვაქვს.

ქალბატონო ნინო, მოგმართავთ თხოვნით, გაითვალისწინოთ, ეთნიკური უმცირესობების ორგანიზაციების თხოვნა და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად საქართველოს პარლამენტს წარუდგინოთ ქალბატონი იზაბელა ოსიპოვა და მხარი დაუჭიროთ მას.

საქართველოში, მათ შორის თბილისში, ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, შიდა ქართლში, აჭარასა და კახეთში მცხოვრები ეთნიკურ უმცირესობათა სათვისტომოებისა და სათემო ორგანიზაციების (აზერბაიჯანული, სომხური, რუსული, უკრაინული, ოსური, ქურთული, ასურული, იეზიდური, ქისტური, უდიური, გერმანული, პოლონური, ლატვიური) წარმომადგენლები, იმედს გამოვთქვამთ, რომ ჩვენი თხოვნა გაზიარებული იქნება თქვენს მიერ“,-ნათქვამია მიმართვაში.

იზაბელა ოსიპოვა  საზოგადოებრივი მაუწყებლის სამერვეო საბჭოს წევრობის კანდიდატია.  მისი კანდიდატურა შესარჩევმა კომისიამ პარლამენტს უკვე გადაუგზავნა.