„ეთიოპიური ავიახაზების“ ინფორმაციით, „ბოინგის“ მფრინავმა ავიაკატასტროფამდე დისპეტჩერებს პრობლემების შესახებ შეატყობინა
ავიაკომპანია „ეთიოპიური ავიახაზების“ ჩამოვარდნილი „ბოინგის“ მფრინავმა კატასტროფამდე დისპეტჩერებს თვითმფრინავის მართვის პრობლემების შესახებ შეატყობინა და ადის-აბებას აეროპორტში დაბრუნება სურდა. ამის შესახებ ავიაკომპანიის ხელმძღვანელმა, ტევოლდე გებრემარიამმა გამოცემა „უოლ სტრიტ ჯორნალთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, მფრინავს საუბრისას არ უხსენებია რამე გარე ფაქტორი.
ეთიოპიურ ავიაკომპანიაში ასევე აცხადებენ, რომ ჩამოვარდნილი ავიალაინერის „შავ ყუთებს“ გასაშიფრად ევროპაში, სავარაუდოდ საფრანგეთში გაგზავნიან.
„ბოინგ 737 მაქს-8“-მ ეთიოპიაში 10 მარტს განიცადა კატასტროფა, რასაც 157 ადამიანი ემსხვერპლა. ბოლო ხუთი თვის განმავლობაში ეს „ბოინგ 737 მაქს 8“-ის უკვე მეორე კატასტროფაა. გასული წლის ოქტომბერში ინდონეზიური ავიაკომპანია „ლაიონ ეარის“ კუთვნილი თვითმფრინავი ზღვაში ჩავარდა. ავიაკატასტროფას მაშინ 189 ადამიანი ემსხვერპლა. „ბოინგის“ ჩამოვარდნის მიზეზად გამოძიებამ მოგვიანებით ტექნიკური პრობლემები დაასახელა.
ეთიოპიაში მომხდარი ავიაკატასტროფის შემდეგ მსოფლიოს ქვეყნების დიდმა ნაწილმა „ბოინგ 737 მაქს-8“-ისა და „ბოინგ 737 მაქს-9“-ის ფრენა შეაჩერა.