ეთიოპიის ხელისუფლებამ გაერო-ს შვიდი თანამშრომელი ქვეყნიდან გააძევა
ეთიოპიის ხელისუფლებამ გაერო-ს შვიდი თანამშრომელი ქვეყნიდან გააძევა

ეთიოპიის ხელისუფლებამ გაერო-ს შვიდი თანამშრომელი ქვეყნიდან გააძევა. მთავრობა გაერო-ს მაღალჩინოსნებს შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ეთიოპიის ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა გაერო-ს განცხადება, რომელშიც ეთიოპიის მთავრობა ჰუმანიტარული დახმარების ბლოკირებაში დაადანაშაულეს, რამაც ტიგრაის რეგიონში მცხოვრები ათასობით ადამიანი შიმშილის ზღვარზე მიიყვანა.

როგორც ეთიოპიის საგარეო უწყებაში განაცხადეს, გაერო-ს თანაშრომლებს ქვეყნის დასატოვებლად 72 საათი აქვთ.

მომხდარის გამო, გაერო-ს გენერალურმა მდივანმა სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ „შოკირებულია“ და „ეთიოპიის მთავრობასთან ამ თემაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს“.

ტიგრაის რეგიონში შექმნილი მდგომარეობის გამო, საერთაშორისო საზოგადოებამ არაერთხელ გამოთქვა შეშფოთება, აშშ კი ამ რეგიონში მიმდინარე კონფლიქტში ჩართულ ძალებს სანქციებით დაემუქრა.

ტიგრაის რეგიონში ამბოხებულებსა და სახელისუფლებო არმიას შორის შეტაკებები გასული წლის ნოემბრიდან მიმდინარეობს. ხელისუფლება საერთაშორისო და ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს მეამბოხეების მხარდაჭერაში სდებს ბრალს. ამ მოტივით ქვეყნიდან გააძევეს „ექიმები საზღვრებს გარეშე“ და „ნორვეგიული ლტოლვილთა საბჭოს“ წარმომადგენლები.