ესტრონეთის პრეზიდენტი - რუსეთის მიზნები არ შეცვლილა - მთელი უკრაინის დამორჩილება და ევროპის უსაფრთხოების წესრიგის შეცვლა რუსეთის იმპერიალისტური ამბიციების დასაკმაყოფილებლად
ესტრონეთის პრეზიდენტი - რუსეთის მიზნები არ შეცვლილა - მთელი უკრაინის დამორჩილება და ევროპის უსაფრთხოების წესრიგის შეცვლა რუსეთის იმპერიალისტური ამბიციების დასაკმაყოფილებლად

რუსეთის მიზნები არ შეცვლილა – მთელი უკრაინის დამორჩილება და ევროპის უსაფრთხოების წესრიგის შეცვლა რუსეთის ახალი კოლონიალისტური და იმპერიალისტური ამბიციების დასაკმაყოფილებლად, – ამის შესახებ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას ესტონეთის პრეზიდენტმა, ალარ კარისმა განაცხადა.

მან უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე ისაუბრა და ასევე აღნიშნა ბოლო დროს რუსეთის მიერ ევროკავშირის აღმოსავლეთ საზღვარზე საჰაერო სივრცის გახშირებული დარღვევები.

მისი თქმით, ეს აჩვენებს, რომ რუსეთის აგრესია ემუქრება არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მთელი რეგიონის უსაფრთხოებას.

„პრეზიდენტ ზელენსკის მარტში ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმებისა და შეერთებული შტატების მიერ ბოლო დროს განხორციელებული სამშვიდობო ძალისხმევის სრული უგულვებელყოფით, რუსეთმა მნიშვნელოვნად გააძლიერა ტერორის კამპანია სამოქალაქო სამიზნეებზე დრონებითა და რაკეტებით თავდასხმებით. აშკარაა, რომ რუსეთს არ აქვს განზრახვა, დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას, მით უმეტეს, ხანგრძლივ მშვიდობას. რუსეთის მიზნები არ შეცვლილა – მთელი უკრაინის დამორჩილება და ევროპის უსაფრთხოების წესრიგის შეცვლა რუსეთის ახალი კოლონიალისტური და იმპერიალისტური ამბიციების დასაკმაყოფილებლად.

მეზობელი ქვეყნების საჰაერო სივრცის რუსული დრონებითა და რაკეტებით დარღვევის მზარდი ტენდენციები არის მორიგი ესკალაცია და შეხსენება, რომ რუსეთის აგრესია ემუქრება არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მთელი რეგიონის უსაფრთხოებას. აქვე, სამწუხაროდ, უნდა გაცნობოთ, რომ სულ რაღაც ორი დღის წინ რუსულმა გამანადგურებელმა თვითმფრინავებმა დაარღვიეს ესტონეთის საჰაერო სივრცე, რაც არის მტრული ქმედება და ევროკავშირის აღმოსავლეთ საზღვარზე ბოლო დროს მომხდარი მსგავსი ინციდენტების ნაწილია.

შესაბამისად, ერთადერთი სიცოცხლისუნარიანი გზა ცეცხლის შეწყვეტისა და სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისკენ არის რუსეთზე კოლექტიური საერთაშორისო ზეწოლის გაზრდა, რათა აიძულო უკრაინაში მშვიდობის დამყარება და იმგვარი ქმედება, როგორიც მოსალოდნელია გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრისგან. გარწმუნებთ, რომ ჩემი ქვეყანა, ესტონეთი, გააგრძელებს ყველაფრის გაკეთებას, რაც შესაძლებელია, რათა გააძლიეროს უკრაინის თავდაცვის უნარი, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების 55-ე მუხლის შესაბამისად.

ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას უკრაინაში ჩადენილი დანაშაულებისთვის, მათ შორის აგრესიის დანაშაულისთვის, რის შესახებაც კარგად ვიცით. ​​დაუსჯელობა მხოლოდ ახალ დანაშაულებს, ახალ ტანჯვას და უსამართლობას იწვევს“, – აღნიშნა ალარ კარისმა.

ესტონეთის პრეზიდენტის თქმით, უკრაინაში რუსეთის აგრესია და მისი ომის დანაშაულები უშიშროების საბჭოსა და მთელი გაერო-ს რეპუტაციასა და სანდოობას უთხრის ძირს. მან გაერო-ს რეფორმის აუცილებლობაზე და გაერო-ს უშიშროების საბჭოში ვეტოს უფლების ბოროტად გამოყენების დაუშვებლობაზე ისაუბრა.

„გაერო არის უკეთესი მსოფლიოს იდეა. ეს არის იდეა, რომელიც არ არის აბსტრაქტული კონსტრუქცია ან ცარიელი დეკლარაცია, არამედ გულდასმით შემუშავებული დიდი შეთანხმება, რომელიც წარმოადგენს ამჟამინდელი მულტილატერალური მსოფლიო წესრიგის საფუძველს. შეთანხმება, რომელიც შექმნილია საერთაშორისო მშვიდობის დასაცავად და კეთილდღეობის ხელშეწყობისთვის; შეთანხმება, რომელიც უზრუნველყოფს თავისუფალ და ღირსეულ ცხოვრებას ყველასთვის; შეთანხმება, რომელიც ეფუძნება იმის გაგებას, რომ ომის ნგრევა და საშინელებები არ უნდა განმეორდეს. სამწუხაროდ, საერთაშორისო სამართალზე დაფუძნებული მულტილატერალური სისტემა, რომლის ბირთვიც გაერო და მისი წესდებაა და რომელიც ყველას უსაფრთხოებას უნდა უზრუნველყოფდეს, სულ უფრო დიდი ზეწოლის ქვეშაა. მისი ფუნდამენტური პრინციპები ირღვევა მსოფლიოში მრავალ კონფლიქტში. სისასტიკე ჭარბობს. ჩვენ უბრალოდ არ შეგვიძლია ამის გაგრძელება. ყველამ უნდა ვიკითხოთ, როგორი მომავალი გვინდა? იქნება ეს სამყარო, სადაც დომინირებს ძალადობა და ძალის ბარბაროსული გამოყენება, სადაც ძალა ყოველთვის მართალია? თუ გვინდა მშვიდობიანი და აყვავებული სამყარო, კანონი და წესრიგი, სამართლიანობა და უნივერსალურად შეთანხმებული წესები და პრინციპები?“ – თქვა ესტონეთის პრეზიდენტმა.